„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ენერგეტიკულ პროექტს, საგურამოჰესს „თი-ბი-სი ბანკი“ დააფინანსებს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, „თი-ბი-სი ბანკისა“ და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ დაფინანსებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის ღირებულება 10,5 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან სესხის სახით „თი-ბი-სი ბანკის“ დაფინანსება 5,8 მილიონ ლარს შეადგენს.
საგურამოჰესის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დღეს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დარგში, დავით წიკლაური და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას, ენერგეტიკის მინისტრმა „თი-ბი-სი ბანკს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ამ პროექტის დაფინანსებაში ჩართულობა მისასალმებელია.
„თი-ბი-სი ბანკი“ მუდმივად ცდილობს, საქართველოში ენერგოსექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. საგურამოჰესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „თი-ბი-სი ბანკის“ მიერ დაფინანსებული უკვე მე-11 პროექტია. ვფიქრობთ, რომ ენერგოსექტორს საქართველოში საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ სფეროში მოქმედ კომპანიებთან”, – განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა, დავით წიკლაურმა.
საგურამოს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება. ჰესის სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი – 32 მლნ.კვტსთ.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა კომპანიას უკვე მიღებული აქვს და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. ჰიდროელექტროსადგურისთვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.
საგურამოჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რითაც ზამთრის დეფიციტი შემცირდება. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.