არამიზნობრივად გახარჯული ასიათასობით ლარი – პროკურატურა ცესკოს აუდიტის დასკვნით დაინტერესდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის აუდიტის დასკვნით საქართველოს მთავარი პროკურატურა დაინტერესდა. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცესკოდან ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ცესკოს დაქვემდებარებაში მყოფი „საარჩევნო სისტემის განვითარებისა და რეფორმების სწავლების ცენტრის“ თანხების განაწილების მიზანშეწონილობა შეისწავლა აუდიტის სამსახურმა და სერიოზული დარღვევებიც გამოავლინა. ცენტრში ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები ირიცხება. ცენტრში გადარიცხული თანხის 50 პროცენტი პოლიტიკურ პარტიებზე უნდა განაწილდეს, ხოლო 50 პროცენტი – არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
„მტკიცებულებები არ გვარწმუნებს, რომ საგრანტო თანხების ხარჯვა კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა“,-აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ერთ წელში 155 ათასი ლარი მიიღო, მისმა მოადგილემ 132 ათასი ლარი, ხოლო ცესკოს მდივანმა – 128 ათასი ლარი.