დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ეწვია

ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთის სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის განახლებული ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ შეძენილი კატამარან GAGRA-ს მეშვეობით ზღვის აკვატორია დაათვალიერა და კვლევების ჩატარების სპეციფიკას გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჰოდროგრაფიული სამსახურის ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.
მინისტრი აღნიშნულ უწყებაში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო, რომელთა ერთობლიობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხს, დადებითად მოქმედებს საზღვაო ტვირთბრუნვის გაზრდაზე, საზღვაო ინციდენტებისა და კატასტროფების პრევინციაზე, რაც, თავის მხრივ, კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საზღვაო პოლიტიკის რეალიზაციის განსაკუთრებულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს საზღვაო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში ბოლო პერიოდში არაერთი თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგა. მათ შორის, ჰიდროგრაფიულ სამსახურში პირველად საქართველოს ისტორიაში დაიბეჭდა საქართველოს საზღვაო სივრცის და პორტების სანავიგაციო რუკები; პორტის მისასვლელ არხებში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე დაინერგა GPS მონიტორინგული სისტემა, რომლის საშუალებითაც მულტიცენტრული მართვის სისტემიდან გაკონტროლდება ზღვაში განთავსებული სარყეების და ქერქეჭელების გამართულობა და დადგენილ კოორდინატებში ყოფნა.
გარდა ამისა, ზღვაში განთავსდა ოკეოანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ დროს აწვდის მცურავ საშუალებებს ზღვის მღელვარების ფაქტიურ მდგომარეობას; სამსახურს უკვე აქვს ორი ახალი მცურავი საშუალება – საზღვაო კვლევებისთვის განკუთვნილი კატამარანი GAGR ’და მინი ბუქსირი PSOU, მცურავი სანავიგაციო ნიშნების ბუქსირებისთვის. ასევე ექსპლუატაციაში შედის საზღვაო გაფრთხილებების გადამცემი ნავიგაციური ტელექსის სისტემა (NAVTEX), რომლის საშუალებითაც საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში მყოფ გემებს მიეწოდებათ ინფორმაცია მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ, ნავიგაციურ ცვლილებებზე და ასევე სხვა ინფორმაციები, რომლებსაც გემებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სისტემის დანერგვამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, ხოლო სპეციალისტები სახელმწიფოს სპეციალური პროგრამით გადამზადდნენ რუმინეთის საზღვაო ტრენინგცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები