მურთაზ ზოდელავას ჟვანიას საქმეზე დღეს დაკითხავენ
ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში დაკითხვაზე 15.00 საათზე უნდა გამოცხადდეს – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, ზოდელავას დაკითხვა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით იგეგმება და ის მოწმის სტატუსით დაიკითხება.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალა აღმოჩენილ იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკევებით.