„ოლქები მხოლოდ 2016 წლის არჩევნებისთვის გაერთიანდება, 2020 წლიდან კი მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება“

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო ოლქების გადანაწილების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ძიძიგურის განცხადებით, საარჩევნო ოლქების შეერთება მუნიციპალიტეტების საზღვრებს არ ცვლის.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, ევროპის ბევრ ქვეყანაშიც მუნიციპალური და საოლქო საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა, მისივე განცხადებით, გაერთიანება მხოლოდ ერთხელ – 2016 წლის არჩევნებისთვის მოხდება, რადგან 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადავა.
ოლქების გადანაწილების დღევანდელი სქემის მიხედვით, თბილისსა და სხვა დიდ, თვითმმართველ ქალაქებში არის 15 მანდატი, ცვლილებების მიხედვით კი 28-29 მანდატი იქნება.
„ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და მიგვითითა, რომ, ვენეციის დასკვნის მიხედვით, ოლქებს შორის განსხვავება 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
გამონაკლისი რჩება მხოლოდ 5-6 რაიონი, მათ შორის არის ეთნიკური ნიშნით დასახლებული რაიონები – ახალქალაქი და ნინოწმინდა და მაღალმთიანი რაიონები – ონი, ამბროლაური და მესტია. მზად ვართ, ყველა შენიშვნა მოვისმინოთ და გონივრული შენიშვნები გავითვალისწინოთ. მომდევნო კვირას ამ საკითხებზე საკომიტეტო განხილვები დაიწყება . ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, როცა პატარა რაიონის მაცხოვრებელს ეუბნები, შენ შენი მაჟორიტარი არ გეყოლებაო. ეს არ არის ხელისუფლებისთვის მომგებიანი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ამას საკონსტიტუციო სასამართლო გვავალდებულებს.
ჩვენ 2020 წლიდან ყველას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვთავაზობთ, პროპორციულზე თანახმა არის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა ოპოზიციური პარტია, მაგრამ ამ ეტაპზე ამას ვერ ვახორციელებთ, რადგან ცვლილებისთვის საჭირო 113 ხმა არ გროვდება. აქედან გამომდინარე, კონსენსუსი იქნა მიღწეული, რომ 2020 წლიდან დაიწყოს პროპორციული სისტემის ამოქმედება. ასეთი ტიპის გაერთიანებები მომხდარა და მომავალშიც არ არის გამორიცხული. ევროპის მაგალითი სახეზე გვაქვს, სადაც მუნიციპალური და საოლქო საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება, მაგრამ ეს გაერთიანება მხოლოდ ერთხელ – 2016 წლის არჩევნებისთვის მოხდება. 2020 წლიდან კი მაჟორიტარული სისტემა საერთოდ გაუქმდება და პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. ეს ერთჯერადი ღონისძიებაა და არ გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტები იცვლება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მერები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები ისევ იმ საზღვრებში იქნებიან არჩეულები, რომელ საზღვრებშიც 2014 წელს ავირჩიეთ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები