ნატომ საქართველოსთან დაკავშირებით კომუნიკე მიიღო
საქართველო გახდება ნატოს წევრი მაპის, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის დახმარებით, – ამის შესახებ „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ნატოს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეშია ნათქვამი.
დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას განაგრძობს.
“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მიიღებს მაპს, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს. დღეს კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად”, – ნათქვამია კომუნიკეში.
დოკუმენტის თანახმად, ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა წევრობის გზაზე ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს. ამასთან, ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების აღიარებაზე უარი თქვას. „დღეს ჩვენ ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლის შესაბამისად, „ღია კარის“ პოლიტიკისადმი ერთგულებას ვადასტურებთ. გაფართოების წარმატებულმა რაუნდებმა ჩვენი უსაფრთხოება კიდევ უფრო გააძლიერა. ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ჩვენი ალიანსის ღირებულებებს იზიარებს“, – ნათქვამია ნატოს ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს მოუწოდებს, ალიანსთან დასაახლოებლად ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება განაგრძოს, რასაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, როგორც გაძლიერებული პარტნიორობის შესაძლებლობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იძლევა.
„ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი რესურსების შეთავაზებას, რომლის მიზანიც საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაა და ამგვარად, ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში დახმარება. მივესალმებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება“, – აღნიშნულია ნატოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. კომუნიკეს თანახმად, ვარშავის სამიტისთვის ახალი, პრაქტიკული გზები შემუშავდება ძალისხმევის ინტენსიფიკაციისთვის მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგისა და გაზრდილი თანამშრომლობის ჩათვლით. „მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების აღიარების უარყოფისა და საქართველოდან ძალების გაყვანისკენ. ნატო არ აღიარებს ე.წ. ხელშეკრულებებს საქართველოს რეგიონებთან, რომლებიც აფხაზეთთან 2014 წლის ნოემბერში და სამხრეთ ოსეთთან 2015 წლის მარტში გაფორმდა. ეს „შეთანხმებები“ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და უსაფრთხოების სამსახურების, სამხედრო ძალების მოდერნიზებისა და თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით“, – აღნიშნულია ნატოს კომუნიკეში.