„სისტემა მზად არ არის, რომ საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი მთლიანად გაუქმდეს“

„ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა დღეს მზად არ არის იმისთვის, რომ 1-ელ იანვარს მთლიანად გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდეს მოწმის დაკითხვა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოწმეთა დაკითხვის წესზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულთან ბრძოლაში ხელს შეუშლის.
„ ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შემოვიდეს სრულიად გაუაზრებელი, სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული წესი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულთან ბრძოლაში ხელს შეუშლის. სხვათა შორის, ეს არგუმენტი იყო თავის დროზე, როდესაც ამ წესის ძალაში შესვლა გადაიდო.
ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ სხვა რამეს – ჩვენ არ ვთავაზობთ საზოგადოებას იმას, რომ ამ წესის ძალაში შესვლა კიდევ ერთხელ გადავადდეს. ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ჩვენ ვთავაზობთ სუს-თან, პროკურატურასთან, შს სამინისტროსთან, სასამართლო სისტემასთან კომპრომისების გზით შეჯერებულ მოდელს, რომელიც მთლიანად ნებაყოფლობითს გახდის მოწმის დაკითხვას გამომძიებლის წინაშე, ხოლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოწმე არ დათანხმდება გამომძიებელთან დაკითხვას, შესაძლებელი იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების სასამართლო დარბაზში გადატანა, სადაც დაკითხვას დაესწრება მაგისტრატი მოსამართლე. ასეთი დაკითხვა უკვე იქნება არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო”, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, თუკი მოწმე მოსამართლესთან დაკითხვაზეც უარს იტყვის, ამას უკვე სანქციები მოჰყვება.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ რეალურად მოწმის დაცულობა იქნება მაღალ ხარისხში აყვანილი.
“ასეთი მოდელის პირობებშიც კი, სასამართლო სისტემას აქვს კითხვის ნიშნები, რადგან თუ ეს მოდელი შემოვა, რომელიც, ჩემი აზრით, გარდამავლი და შუალედურია, სასამართლო სისტემა ითხოვს რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას. მათ სჭირდებათ, რომ დაამატონ მაგისტრატი მოსამართლეები, ააშენონ ახალი დარბაზები სადაც მოწმეს დაკითხავენ და ა.შ.
ეს მოდელიც კი, რაც ჩვენ შემოგვაქვს, არის პრობლემატური, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიაროთ ადამიანის უფლებების დაცვის გზით და მოწმის დაკითხვა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გახდება გამომძიებლის წინაშე ნებაყოფლობითი”, – განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ასევე განმარტა დაკითხვის დროს ადვოკატის დასწრების წესი.
“მოწმე, რომელიც დაიკითხება უკვე სავალდებულო წესით, არა გამომძიებელთან, არამედ მოსამართლის წინაშე, მას, რა თქმა უნდა, ეყოლება ადვოკატი, მაგრამ ბრალდებული არ დაესწრება ამ დაკითხვას, რადგან ეს გახლავთ გამომძიებლის და პროკურორის სამუშაო, როდესაც ის საკუთარ მოწმეებს ეძებს და აკითხინებს მოსამართლეს, ადვოკატი თავად ეძებს თავის მოწმეს და გამოკითხავს მათ. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით არ არის სავალდებულო, მათ შორის არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, რომ ასეთ საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც მხარე ატარებს, ესწრებოდეს მეორე მხარე, მაგრამ მოწმეს, რა თქმა უნდა, ეყოლება ადვოკატი, როგორც გამომძიებელთან, ისე მოსამართლის წინაშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები