მოსალოდნელია თუ არა თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის გაღრმავება – რას ფიქრობენ ექსპერტები

მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქულმა „F-16“-მა რუსული „სუ-24“ ჩამოაგდო, მესამე მსოფლიო ომის საშიშროებასა და მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების დაწყებაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით რუსეთს ზურგში დანა ჩაარტყეს.
მეტიც, მან თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით რადიკალური ისლამის მიზანმიმართულ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდება წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთთან ურთიერთობას გადახედავს, თუმცა მასთან ბრძოლას არ აპირებს. რუსული „სუ-24“ -ის ჩამოგდების ფაქტი მოსკოვში, თურქეთის საელჩოსთან ქვების, კვერცხების სროლით გააპროტესტეს.12305519_424692507736938_1971338344_n

საინტერესოა, გადაიზრდება თუ არა კვერცხებითა და ქვებით ანგარიშსწორება სამხედრო კონფრონტაციაში, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე ორ ქვეყანას შორის შექმნილმა ვითარებამ.
რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით ტურისტული საგზურების გაცემა შეწყვიტეს. რამდენიმე მათგანმა არათუ მხოლოდ საგზურების გაყიდვა შეაჩერა, არამედ უკვე გაცემული საგზურებიც გააუქმა.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის გაღრმავებას ვარაუდობს, თუმცა მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ომში არ გადაიზრდება. როგორც არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რუსეთის მიერ თურქმანებით დასახლებულ სირიის პროვინციაზე განხორციელებულ საავიაციო დარტყმებს შესაძლოა, თურქეთის მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვეს და თურქეთმა რუსეთის მომხრე ქურთების მიმართ საავიაციო დარტყმები განახორციელონ.12285952_424692324403623_725512231_n

„რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი აუცილებლად გაღრმავდება, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე ომამდე მიიყვანონ. კონფლიქტის გაღრმავების ნიშნებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში თურქულ მანქანებს უკვე აღარ ატარებენ, უახლოეს ხანში ველოდები, რომ რუსულ გემებს აღარ გაატარებენ ბოსფორში და დარდანელში. საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით, თურქეთს აქვს უფლება, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნის ხომალდი დაბლოკოს. იქნება მომხრეებზე თავდასხმები, რუსეთმა თურქმანებით დასახლებულ სირიის პროვინციაზე საავიაციო დარტყმები უკვე დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ იგივე ქმედება თურქეთმა რუსეთის მომხრე ქურთების მიმართ განახორციელონ. ასეთი ფორმით დაპირისპირება იქნება, მაგრამ ომს არ ვვარაუდობ.
რაც შეეხება მსოფლიო ლიდერების მხრიდან თურქეთის ერთპიროვნულ მხარდაჭერას, არეშიძის განცხადებით, ასეთი ტიპის განცხადებები, ხშირად „მხოლოდ განცხადებისთვის“ კეთდება.
„მხარდაჭერის განცხადების პარალელურად, აშშ-მ თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მხარდაჭერა გამოხატეს, რადგან თურქეთი ნატოს წევრია და ნატოს გარკვეული პუნქტი ამ შემთხვევაში მოქმედებს, თუმცა გეტყვით პირდაპირ, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ლიდერი, თურქეთის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას მხარს არ დაუჭერს“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, და ერაყის მაგალითს იხსენებს, თუმცა ჩიტაძე ფიქრობს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო კონფრონტაცის დაწყების ალბათობა ძალიან მინიმალურია. ექსპერტის აზრით, თურქეთსა და რუსეთს შორის ლოკალური ხასიათის ინციდენტებს ექნება ადგილი. მისი თქმით, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით რუსეთის პრესტიჟი საერთაშორისო ასპარეზზე შეირყა, ამიტომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, თურქეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთოს.12285773_424692401070282_1215981202_n

ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური დაძაბულობაა მოსალოდნელი.
ექსპერტის თქმით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკაზე დადებით ვერ აისახება. ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა თურქეთს ბუნებრივი აირის საფასური გაუზარდოს.

თუმცა საგულისხმოა თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადება, როდესაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვიეს. ერდოღანმა მაშინ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, თურქეთი რუსეთისგან გაზს აღარ იყიდისო.

“ვფიქრობ, ლოკალური ხასიათის ინციდენტებს ექნება ადგილი, მაგრამ, საერთო ჯამში, არც რუსეთი და არც თურქეთი არ არის დაინტერესებული სამხედრო ოპერაციების ჩატარებით. ამას აქვს გარკვეული მიზეზები, ის, რომ მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვა არსებობს, გარდა ამისა, ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ისვენებს თურქეთში. ასევე ენერგოკუთხით, საუბარია პროექტ ”ცისფერ ნაკადზე” – თურქეთი თავისი ენერგეტიკული მოთხოვნილებების 60 პროცენტს იკმაყოფილებს სწორედ რუსეთის მხრიდან. გარდა ამისა, თურქეთი ნატოს წევრია და რუსეთი ვერ გაბედავს, დაუპირისპირდეს ალიანსს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი შეიარაღებული ძალების რაოდენობით მეორე ქვეყანაა ნატოს ქვეყნებს შორის. დაძაბულობა იარსებებს, მაგრამ სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა საქმე. შესაძლოა, რუსეთმა გარკვეული ბერკეტები აამოქმედოს, მაგალითად, გაზარდოს ფასი ბუნებრივ აირზე. ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ეკონომიკას უკავშირდება, ჩვენ ვიცით, რომ 2013 წლის მონაცემებით, თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ამ ვაჭრობის ნაწილი ხორციელდება საქართველოს მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკონომიკური დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად არ აისახება“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

რაც შეეხება დიპლომატიურ კავშირებს, ჩიტაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებითაც ექნება ადგილი გარკვეულ დაძაბულობას, თუმცა თურქეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტაზე საუბარი უსაფუძვლოა.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები