საქალაქო სასამართლოს განცხადება კოდუას საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო ერეკლე კოდუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ერეკლე კოდუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ერეკლე კოდუას ბრალი ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. (ორი ეპიზოდი). მასვე, ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი).
ღია სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ვინაიდან არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისათვის საჭირო ფორმალური და ფაქტობრივი საპროცესო საფუძვლები.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, ის გარემოება, რომ ბრალდებული თავს არიდებს როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ისე სასამართლოში გამოცხადებას. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით სასამართლოსათვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებისას არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. შესაბამისად არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე მის მიერ წარსულში დაკავებული მაღალი თანამდებობიდან გამომდინარე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2014 წლის 5 მაისს 11 საათზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები