ექიმები 8 თვის ბავშვის გადარჩენას ცდილობენ – დამწვარ პატარას მშობლები ექიმბაშის  მალამოთი მკურნალობდნენ

დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში მედიკოსები 8 თვის ბავშვის გადარჩენას ცდილობენ. პატარა ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაგვიანებული მკურნალობის შედეგად, ბავშვს სეფსისის უკიდურესი ფორმა განუვითარდა.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პატარა ბიჭი, რომელსაც ქვედა კიდურების დამწვრობა ჰქონდა მიღებული, მშობლებმა საავადმყოფოში 5 დღის დაგვიანებით მიიყვანეს.
ქაშიბაძის ინფორმაციით, ბავშვს დამწვარ სხეულზე 5 დღის განმავლობაში ექიმბაშის მიერ მომზადებული მალამოთი მკურნალობდნენ, რამაც პატარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. შემთხვევა ბათუმში მოხდა.
„როგორც მშობლებმა გადმოგვცეს, რამდენიმე დღის წინ, 8 თვის ბიჭს ცხელი წყალი გადაესხა, რის შედეგადაც ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო. 5 დღის განმავლობაში ბავშვს ექიმბაშის მიერ სახლში მომზადებული მალამოთი მკურნალობდნენ. მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მას უკვე სეფსისის უკიდურესი ფორმა აქვს. ჩვენს კლინიკაში რეანომობილით კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ამჟამად პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მდგომარეობა კრიტიკულია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს მიმართავს, რომ დამწვრობის დროს ექიმბაშის სახლში დამზადებული გაურკვეველი მალამოებით შვილებს არ უმკურნალონ და სტაციონარს მიმართონ. მისივე თქმით, ასეთი მალამოებით მკურნალობა უმთავრესად კრიტიკული შედეგით სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები