მთავრობა სამოქალაქო და კორპორაციულ სექტორთან „ვერ თანამშრომლობს“
ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის ფაქტი, რომ თითოეული სამინისტრო თუ სახელმწიფო უწყება, პროექტს, პროგრამას, სტარტეგიას და ინიციატივას საერთაშორისო დირექტივების „ქოლგის ქვეშ“ ახორციელებს (ან მასთან ირიბად მაინც დაკავშირებულია).
ყველასათვის ცნობილია, რომ პროექტების დიდი ნაწილი ხორციელდება უცხოელი სპეციალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა გარკვეული პირების ჩართულობითა და მხარდაჭერით. აღნიშნულ პროცესში, თითქმის არასდროსაა ჩართული სამოქალაქო და კერძო სექტორი (ხოლო შემუშავებულ პროექტებსა და პროგრამებს მედიაარხებით გვამცნობენ). შესაბამისად, მსგავსი პროექტების თანამდევი პროცესია ინტერესთა კონკურსების ჩაშლა (მაგ. ინტერნეტიზაციის პროექტი), საზოგადოების უკმაყოფილო მოლოდინი ან გარკვეული დასაბუთებული კრიტიკა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ან ოპონირებად და უმეტესწილად არასასურველ შეფასებად განიხილავენ, ან ყურადღებას არ აქცევენ (ან ცდილობენ პოლიტიკურ ჭრილში განიხილონ).
დღეს, აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენელები ჯეროვნად ვერ თანამშრომლობენ სამოქალაქო და კორპორაციულ სექტორთან (ამას ადასტურებს ბერნარდ კუშნერის შეფასება, რომელიც გლობალურ კონფერენციაზე განაცხადა), არ ითვალისწინებენ საზოგადოების შეფასებებს, არ ეცნობიან მეცნიერთა კვლევებსა და მიდგომებს. ქვეყანაში ღია მმართველობა განიხილება მხოლოდ „ცალკეულ აქტორებთან ანგარიშვალდებულებით“, შედეგად სტრატეგიები და პროექტის შედეგები, ძირითად შემთხვევაში, ცნობილი არაა, მის არაეფექტიან განხორციელებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
ხაზგასასმელი და დასაიმედებელია, რომ საქართველოსათვის ღვაწლმოსილმა პირმა, „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარდ კუშნერმა, საჯარო გამოსვლისას მთავრობას რეკომენდაცია მისცა, რომ რეფორმებისა და პროექტების განხორციელებაში ითანამშრომლოს მოქალაქეებთან.
აღიარებულია, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა განიცდის ადამიანური, ორგანიზაციული და ინტელექტუალური რესურსის დეფიციტს. აღნიშნული დეფიციტის შევსების მიზნით, განვთარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები თანამშრომლობს სამოქალაქო და კორპორაციულ სექტორთან, განსაკუთრებით იყენებენ მეცნიერ-მკვლევარების პოტენციალს.
სამწუხაროდ, ცალკეულ პირთა ძალისხმევის შედეგად, საქართველოში ჩამოყალიბდა ერთგვარი სტერეოტიპი, რომ ქვეყანაში არის კვალიფიციური ხალხის დეფიციტი, პროფესიონალების ნაკლებობა, გამოცდილების არმქონე პირების სიმცირე.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქართველო ორგანიზაციული, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსებით მდიდარია, მაგრამ მას ჯერ კიდევ რეზერვის ხასიათი აქვს, რაც განპირობებულია რამდენიმე მიზეზით:
- რეალურად, საკადრო დეფიციტს განიცდის არა სახელმწიფო, არამედ პოლიტიკური ისტებლიშმენტი;
- არაეფექტიანი მართვისა და საკადრო პოლიტიკის გამო, აღმასრულებელი ორგანოები ვერ იყენებენ საკადრო რესურსს. ქვეყანის ნებისმიერი სფერო მდიდარია კვალიფიციური საკადრო რესურსით, თუმცა კვალიფიციური ადამიანური რესურსის „კვალიფიციურად გამოყენებას“ ეფექტიანი მმართველები სჭირდება;
- დღეს, პოლიტიკურ სივრცე წარმოადგენს ერთგვარ „შეკრულ წრეს“, სადაც არ ხდება „ახალი კანდიდატების“ გამოჩენა, მმართველობაში სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, „დირექტივების გარეშე“ თანამედროვე გარემოს მოთხოვნების შესაბამისი რეფორმების გატარება;
- სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურები განიცდის ქარიზმატული ლიდერებისა და ნოვატორული აზროვნების მმართველების დეფიციტს;
- ფაქტობრივად არ გვხდება მმართველ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა (ფულის მოპარვას არ ვგულისხმობთ), რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე, დაგვიანებულ პროცესებზე, მიუღწეველ შედეგებზე, საკადრო რესურსის მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი;
ნიშანდობლივია, აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი შეხედულებები, რა თქმა უნდა, არ ემსახურება მმრთველობითი რგოლის ინტერესების შებღალვას. სტატია ემსახურება გარემოს ანალიზს, რესურსამოწურული პოლიტიკური გარემოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას, საკადრო რეფორმებისა და არსებული სტრატეგიების მოდიფიცირების პროცესის საჭიროებას .
დასასრულს, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეკომენდაციები:
- დროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაითავისონ სამოქალაქო და კორპორაციული სექტორის პოტენციალი. განსაკუთრებით დააფასონ მეცნიერ-მკვლევარის შრომები და რესურსი. აღნიშნული მიდგომა სარგებლის მომტანი იქნება სამივე სექტორისთვის (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორისთვის);
- პოლიტიკური გარემო, რომელიც დღეს საკადრო დეფიციტს „განიცდის“, უნდა შეივსოს მეცნიერ-მკვლევარებითა და დოქტორის ხარისხის მქონე პირებით;
- მნიშვნელოვანია, გადაიხედოს შემუშავებული სტარტეგიები. სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობით მოხდეს გეგმების კორექტირება, კვლევებზე დაფუძნებული პროგრამების ფორმირება და გამოწვევების შესაბამისი მიდგომების წარმოდგენა;
- სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს სამეცნიერო რესურსი, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო დირექტივებამდე წარმოდგეს ინიციატივებით, მოთხოვნების წინმსწრებად შეასრულოს ვალდებულებები, მიიღოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და შექმნას ვალდებულებების სამართლებრივად უზრუნველყოფილი გარემო;
- დღეს, ნოვატორული აზროვნების მმართველობითი გარემოს შექმნა შესაძლებელია მეცნიერ-მკლევარებით, რომელთა პოტენციალს ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ იყენებს;
- პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კოორდინაციით, უნდა შეიქმნას ანალიტიკური ჯგუფები, რომელიც უნივერსიტეტებში არსებული მეცნიერ-მკვლევარებით უნდა დაკომპლექტდეს. აღნიშნული ჯგუფები დაეხმარებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებს კანონების შემუშავებაში, სტრატეგიების შექმნასა და პროექტების ეფექტიან დაგეგმვაში;
- ჯამში, გლობალური და ლოკალური გამოწვევების პრევენცია შესაძლებელია, მხოლოდ საზოგადოების კოორდინაციის უნარის მქონე მმართველებით;
რატი აბულაძე
„ქართული პლატფორმის“,
ელექტრონული მთავრობის მიმართულების ხელმძღვანელი
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი