ქარელში მცხოვრები 1000 ოჯახი წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წლების განმავლობაში მხოლოდ ჭის წყლით სარგებლობდა. მათი დიდი ხნის პრობლემა პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოგვარდება. საერთო ჯამში, 1800 აბონენტს გაუუმჯობესდება როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს არსებული სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, ახალი სარეზერვო ტუმბო-აგრეგატის დამონტაჟება და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა, 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები