თემო მურვანიძე ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართულენოვან ვიდეოში სააკაშვილის კვალს ხედავს

პოლიტიკოსი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს და ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართულენოვან ვიდეოს, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს.
„არსებობს სერიოზული ვარაუდი, არ გამოვრიცხოთ, ISIS-ის სახელით გავრცელებული ქართულენოვანი ვიდეოები ისევ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას უკავშირდებოდეს. ვგულისხმობ იმას, რომ სანამ უკრაინული „ვიკილიქსი“ ოდესის გუბერნატორის და ამერიკელი მაღალჩინოსნის საუბრების ჩანაწერებს გამოაქვეყნებდა, არსებობდა გარკვეული დაუზუსტებელი ინფორმაციები ყოფილი პრეზიდენტის მიერ „ბოევიკთა“ ჯგუფების კონტროლის შესახებ. ეს ერთი ავანტიურისტის მიერ შექმნილი გასამხედროებული ჯგუფებია, რომლებიც 2012 წელს სამეგრელოს ტყეებში იყვნენ, შემდეგ უკრაინაში ომობდნენ და მათი ნაწილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო დაჯგუფებებში აღმოჩნდა“, – წერს თემო მურვანიძე.
მისივე ვერსიით, სააკაშვილი, ქვეყანაში სიტუაციის არევის მიზნით, მის დაქვემდებარებაში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს იყენებს.
„დიდი სიფრთხილითაა გამოსაძიებელი ეს ვერსია, რადგან ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი ყველაფერზე წავა, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ამისათვის მის მიერ კონტროლირებად ტერორისტულ დაჯგუფებებს იყენებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ტერორისტების დაკავებას და მათ დაკითხვას, დარწმუნებული ვარ, ის ინფორმაციები, რასაც ისინი ფლობენ სწორედ ამ მიმართულებით, ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს,“ – წერს პოლიტიკოსი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები