დავით უსუფაშვილი სისერო მარტინს გარსიას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბრაზილიის ელჩთან, სისერო მარტინს გარსიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. მარტინს სისერო გარსიას განცხადებით, ბრაზილია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ბრაზილიის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა, რაც ორ ქვეყანას შორის მომავალი ურთიერთობების განვითარებისთვის კარგ საფუძველს შექმნის.
როგორც ბრაზილიის ელჩმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტები საქართველოსა და ბრაზილიის საერთო ინტერესია, ამიტომ, სხვა მიმართულებებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ამ სფეროშიც პროდუქტიული იქნება.
დავით უსუფაშვილმა ბრაზილიის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო შემაკავშირებელი ხიდია ევროპასა და აზიას შორის და ორ კონტინენტს შორის სავაჭრო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების მიმოცვლის თავისუფალ შესაძლებლობას იძლევა. მისივე შეფასებით, ბრაზილიასთან, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ გლობალურ მოთამაშესთან, ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრაზილიის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ბრაზილიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.