დიმიტრი ქუმსიშვილი კი-ტაკ ლიმს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს კი–ტაკ ლიმს შეხვდა, რომელიც თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას 2016 წლიდან შეუდგება.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს საზღვაო სექტორის განვითარებაზე და ატარებს ძირეულ რეფორმებს ამ მიმართულებით. მათ შორის, საქართველომ გააუმჯობესა მეზღვაურთა სწავლების, წვრთნის და სერტიფიცირების სისტემა სასწავლო პროგრამების განახლებისა და საზღვაო–სასწავლო დაწესებულებების მუდმივი მკაცრი მონიტორინგის გზით. ასევე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს სახელმწიფო დროშის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით – დაინერგა საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რეგისტრაციის ახალი პროცედურა. დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი კი–ტაკ ლიმი საქართველოში მიიწვია საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2016 წლის სექტემბერში ბათუმში გაიმართება.