საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი: საქართველოსგან ტოლერანტობის მაგალითის აღება მსოფლიოს თამამად შეუძლია

საქართველოსგან ტოლერანტობის მაგალითის აღება მსოფლიოს თამამად შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით გამოჩნდა, რომ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით ევროპას უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე საქართველოს…
„დღეს “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში” შიიტებიც ვართ და სუნიტებიც. ერთად ვართ, ერთმანეთის გულისტკენას ვერიდებით. ამ მხრივ დღეს საქართველო მთელი მსოფლიოს მაგალითია. აქ ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ჩვენსა და ქრისტიან მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ჰოდა, ევროპიდან რომ ჩამობრძანდებიან და გვეკითხებიან, საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს პრობლემები ხომ არ გაქვთო, ახლა გამოჩნდა, რომ ევროპას უფრო დიდი პრობლემები ჰქონია, ვიდრე საქართველოს… მაგალითად, იქ, უნივერსიტეტში ჩადრიანი მასწავლებელი ლექციას ვერ წაიკითხავს. ჩვენთან კი რამდენი ჩადრიანი და თავდახურული სტუდენტია, რომელიც დაუბრკოლებლად დადის უნივერსიტეტში და სწავლობს?!
ასე რომ, საქართველოსგან ტოლერანტობის სწავლა მთელ მსოფლიოს შეუძლია. ჩვენ ერთი მოდგმის, ადამისა და ევას, შვილები ვართ. ისლამი ყველა ადამიანს სისხლით ძმად აცხადებს, რაც ნათლად არის ასახული ერთ-ერთ აიათში: “ადამიანებო! უეჭველად ჩვენ გაგაჩინეთ ერთი მამრისა და ერთი მდედრისაგან (წმინდა ადამისა და წმინდა ევასაგან), შემდგომ დაგყავით ერებად და ტომებად, რათა ერთმანეთი გეცნოთ”. ამიტომ მე ყველა გაჩენილი მიყვარს გამჩენის გამო, ყველა აღმსარებლობის ადამიანი მიყვარს“,-აცხადებს ბეგლარ ქამაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები