რა დავალების შეუსრულებლობისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბარნოვი და სააკაშვილი

„რა გახდა სააკაშვილისა და ანდრო ბარნოვის დაპირისპირების მიზეზი“,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ და ინტერესდება, რატომ ტოვებენ სააკაშვილის გუნდის წევრები პარტიას.
გამოცემის ინფორმაციით, ბარნოვისა და სააკაშვილის ბოლოდროინდელ დაპირისპირებაზე კულუარებში აქტიურად საუბრობენ.
როგორც სანდო წყაროზე დაყრდნობით „პრაიმ-ტაიმი“ წერს, საქმე 150 ათას დოლარს ეხება, რომელიც ექსპრეზიდენტმა თავისი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს რამდენიმე თვის წინ გამოუგზავნა კონკრეტული დავალების შესასრულებლად, თუმცა დავალება არ შესრულდა, რამაც სააკაშვილის რისხვა დაატეხა მას თავზე.

გაზეთთან საუბრისას „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ირწმუნება, რომ ბარნოვი პარტია „გირჩში“ გადადის, რომელიც მერაბიშვილის გუნდად აღიქმება.
„ბარნოვსა და სააკაშვილს შორის მომხდარი უთანხმობა ახალი ამბავი არ არის. მას შემდეგ, რაც საუბარი წავიდა „ნაციონალების“ ქონების გაყიდვაზე, ბევრი რამ შეიცვალა. როდესაც ორგანიზაცია ბანკროტდება, ცდილობს, თავისი აქტივები გაყიდოს. სწორედ ეს ემართება „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ წლამდე ცენტრალურ ოფისს დაცლის. საუბარია იმაზეც, რომ გაყიდონ ე.წ. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობაც. ე.წ. იმიტომ, რომ იქ 100 წიგნზე მეტი არ იდო.
ეს შენობა თავის დროზე უკანონოდ ააშენა გიული ალასანიამ. შესაბამისად, მისი გაყიდვით მიღებული თანხა ისევ სააკაშვილის ოჯახის ქისაში წავა.
ბარნოვი რჩება მშრალზე ყველა სიკეთესთან ერთად, კარგავს ფუნქციას. შესაბამისად, მას უნდა სტატუსისა და საკუთარი მომავლის შექმნა, ამ ჭრილში კი მნიშვნელობა არ აქვს, ჩხუბისთვის რა სარჩულს უპოვნიან ის და სააკაშვილი ერთმანეთს.
ბარნოვიც ეკა გიგაურივით ეტაპობრივად გადაინაცვლებს „გირჩებთან“,- განაცხადა სადღობელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები