შოტლანდიის სანაპიროსთან რუსულ წყალქვეშა ნავს ეძებენ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დახმარებისთვის მოკავშირეებს მიმართა მის სანაპიროსთან ოპერაციის ჩასატარებლად, რომლის მიზანია რუსული წყალქვეშა ნავის მოძიება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით, წყალქვეშა ნავი შოტლანდიის სანაპიროსთან 10 დღის წინ დააფიქსირეს. მისი ძებნის ოპერაციაში კანადისა და საფრანგეთის თვითმფრინავები, ასევე ბრიტანული წყალქვეშა ნავი და ფრეგატი Sutherland-ი მონაწილეობენ. ამავე გამოცემის ინფორმაციით, რუსული წყალქვეშა ნავი, შესაძლოა, „ტრაიდენტის“ ტიპის ბირთვული რაკეტებით აღჭურვილ ბრიტანულ წყალქვეშა ხომალდებს უთვალთვალებდეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ნატოს მოკავშირეებს ამ სიტუაციაში დახმარებისთვის წელს უკვე მესამედ მიმართავს.