რაში ადანაშაულებს ბაღის თანამშრომლებს ოჯახი – ბავშვის „პამპერსი“ წამლის სუნით იყო გაჟღენთილი

ნინუების ოჯახი თბილისის ერთ-ერთი ბაღის „მაზერ.ჯი“ -ს თანამშრომლებს ბავშვებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმ-ტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ორწლინახევრის გოგონას ბებია მაია ნინუა ყვება, კერძო ბაღის თანამშრომლებმა ბავშვის დასაწყნარებლად და დასაძინებლად მედიკამენტი გამოიყენეს.
„ბავშვმა ბაღში სულ 3 დღე იარა. იმიტომ მივიყვანეთ, რომ რეჟიმში ჩამჯდარიყო. ბავშვს დედის გარდა, ვერავინ აძინებდა. ძალიან მოძრავი და ცოცხალი ბავშვია. საერთოდ რთულად ეგუება უცხო გარემოს. ამ ბაღში რომ მივიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ კარგად შეეგუა.
მერე უცებ შუადღისითაც დააძინეს, ძალიან გაგვიკვირდა. ერთ დღესაც ჩემი რძალი მოულოდნელად მივიდა და ბავშვის ნახვა მოისურვა. უთხრეს, რომ კარგად იყო და ერთობოდა. ჩამოიყვანეს გათიშული ბავშვი, ძლივს დადიოდა. შემდეგ რამდენჯერმე გაითიშა ტაქსიში. სახლში ექიმი გამოვიძახეთ. ბავშვს გამოვუცვალეთ „პამპერსი“ და აღმოჩნდა, რომ წამლის სუნით იყო გაჟღენთილი. ვალერიანის მსგავსით. ეგრევე მივადექით, „პამპერსიც“ წავიღეთ და პასუხი მოვთხოვეთ. არ უარყვეს, რომ, მართლაც, წამლის მძაფრი სუნი იყო, მაგრამ აქეთ შემოგვიტიეს,თქვენ დაალევინებდითო. ბავშვი სამი დღე გაშტერებული დადიოდა. შარდის ანალიზებიც გავუკეთეთ. საბედნიეროდ, რამე მძიმე ფსიქოტროპული საშუალება არ ამოსულა, მაგრამ ვალერიანის და სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტების არსებობა 4 საათის შემდეგ არც შარდში ფიქსირდება და არც სისხლში. გარდა ამისა, მოვითხოვეთ კამარების ჩანაწერი და არ გვაჩვენეს. მაშინვე ვუთხარი, რატომაა ბავშვი დაშტერებული და რას აძლევთ ამისთანას-მეთქი. აშკარად დამნაშავეები არიან და ცდილობენ, თავი დაიძვრინონ. შევამოწმებ ყველაფერს და დავადგენ, რას და როგორ აკეთებენ“, – ყვება ბავშვის ბებია გამოცემასთან საუბრისას. ოჯახის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს კერძო ბაღის დირექტორი თამარ ჯულაყიძე და ოჯახის წევრებს შანტაჟსა და პროვოკაციაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, ბავშვებს ფსიქოტროპულ საძილე საშუალებებს არ აძლევენ, პრობლემური ბავშვების მიმართ აპრობირებული მიდგომა არსებობს და მათი დაძინება პრობლემას არ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები