“საჯაროდ ამ მოლაპარაკებების გამო გვაკრიტიკებენ, პირად საუბრებში კი ვიზის მიღებაში დახმარებას გვთხოვენ”
ჩვენი ოპონენტები და მათი ახლობლებიც ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, კარასინთან გამართული მორიგი შეხვედრის მთავარი საკითხი სავიზო ლიბერალიზაცია იყო.
“კარასინთან საუბარი საოკუპაციო ხაზთან არსებული მძიმე ვითარებით დავიწყე და ისიც განვაცხადე, რომ სუვერენიტეტის დარღვევის წინააღმდეგ საქართველო ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებს. რაც შეეხება რუსეთში ვიზის გამარტივების საკითხს, 21-ე საუკუნეში ადამიანს გადაადგილების თავისუფლებას ხელოვნურად ვერ შეუზღუდავ… პრაღაში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე რუსეთში ვიზის ლიბერალიზაციის პედალირება არ მოგვიხდენია, თუმცა, უსამართლო რეალობა, მართლაც, არსებობს – 2011 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო მიმოსვლა გააუქმა და რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, ჩვენი მოქალაქეები კი რუსეთში გასამგზავრებლად უამრავ სირთულეს აწყდებიან. ზოგჯერ ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მეზობელი ქვეყნებიდან უვიზოდ შედიან და სამართალდამცავებთან პრობლემები აქვთ. თუ სავიზო რეჟიმი გამარტივდება, ტექნიკური სირთულეებიც აღარ შეიქმნება. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, პარალელურად კი, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში გასამგზავრებლად მოქალაქეებს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. ჩვენი ოპონენტები და მათი ახლობლებიც ხშირად მთხოვენ, რუსული ვიზების აღებაში დავეხმარო“, – აცხადებს აბაშიძე.
აბაშიძე ამბობს, რომ ის მათ რუსული ვიზების აღებაში ვერ ეხმარება. “ვერ ვეხმარები, რუსეთის ვიზის მიღება ადვილი არ გახლავთ. მოწვევა უახლოესი ნათესავის ან რუსული ორგანიზაციისგან ოფიციალურად უნდა მიიღონ. მათ ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა, ოპონენტებს, რომლებიც საჯაროდ ამ მოლაპარაკებების გამო გვაკრიტიკებენ, პირად საუბრებში კი ვიზის მიღებაში დახმარებას გვთხოვენ, რუსეთში ვიზის ლიბერალიზაცია საქმეს გაუიოლებს. წელს საქართველოში რუსეთიდან 800 ათასი ტურისტი და დიდი რაოდენობით ფული შემოვიდა. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო თუ სახმელეთო გადაზიდვების რაოდენობა გაიზარდა“, – აღნიშნავს აბაშიძე.
რაც შეეხება ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხს, აბაშიძე განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი მათ შეხვედრრაზე არ განიხილება.
“ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი ჩვენს შეხვედრაზე არ განიხილება, რადგან მეორე მხარემ ამ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება კარგად იცის. გვეუბნებიან, თუ ქართული მხარე რკინიგზის აღდგენით დაინტერესებულია, აფხაზებსა და მეზობლებს ესაუბრეთო, ჩვენ კი ვპასუხობთ, რომ მსგავსი ფორმულა მიუღებელია და ამით განხილვას წერტილი ესმება“, – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.