ზამთარში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება
ზამთარში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, ამ დროის მონაცემებით, არ იგეგმება. როგორც ელექტროსადისტრიბუციო კომპანიებში აცხადებენ, დღეს ბაზარზე არსებული ტარიფები, სავარაუდოდ, დამდეგ ზამთარსაც შენარჩუნდება. კომპანიებში ამბობენ, რომ ოქტომბერში გაზრდილი ტარიფი საკმარისი აღმოჩნდა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
“კომპანია “თელასი“ ზამთარს მომზადებული ხვდება, ჩვენ ჩავატარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ვფიქრობთ, ზამთარში მინუმალური გათიშვები გვექნება. არასაკმარისად გაზრდილი ტარიფის მიუხედავად, ინვესტირების პროგრამისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა მაინც საკმარისია“,- აცხადებს “თელასის” გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.
დღეს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ”, “კახეთის ენერგოდისტრიბუციამ”, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” და “თელასმა” მუშაობის ანგარიშები წარადგინეს.
კომპანიებმა ქსელში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე, გამრიცხველიანების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრეს. ანგარიშის წარდგენას ვიცე-პრემიერი დაესწრო. კახა კალაძის თქმით, “სახელმწიფო ელექტროსისტემა” მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი დადებით შედეგებს მოიტანს.