„ახალგაზრდა ადვოკატები“: ცუდია, როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის ოპოზიციის სტატუსში გადადის

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის გუშინ გამართულ სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მმართველი პარტიის წევრები, ევროკავშირისგან მოითხოვენ, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებები 2016 წლიდან გახდება ცნობილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს საზოგადოების ურყევი არჩევანი იყო და იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ამ პროცესში, გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციას და სამოქალაქო თანხმობას.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე გავრცელებული ინფორმაცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის ევროპასთან იტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კანდელაკის მოქმედებების შესახებ უაღრესად შემაშფოთებელია, რაც არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და წარმოადგენს ძირგამომთხრელ საქმიანობას.
ორგანიზაცია მიმართავს დავით ბაქრაძეს და გიორგი კანდელაკს, რათა საზოგადოების წინაშე განმარტონ, რას ნიშნავს ევროპარლამენტარებთან საუბრები, მათ უარი თქვან საქართველოსთვის უვიზო-მიმოსვლის მხარდაჭერაზე, ვინაიდან მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ასეთი მხარდაჭერა არ იქნებოდა სასურველი. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადება შემდგომ დისკუსიას საჭიროებს. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელმა მინისტრებმა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია იმ ევროპარლამენტარების შესახებ, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებებზე აკეთებდნენ აქცენტს, მეორე მხრივ, ყოფილი მმართველი პარტიის წევრებმა, გააკეთონ შესაბამისი განცხადებები, რა მიზანს ემსახურებოდა მათი განცხადებები ევროპარლამენტში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ცუდია, როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის ოპოზიციის სტატუსში გადადის და აღნიშნულთან დაკავშირებით, დუმს ის სამოქალაქო სექტორიც, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით, მუდმივად ცალმხრივი პოზიციით ესაუბრება. მიგვაჩნია, რომ მთავრობის სხდომაზე გავრცელებული ინფორმაცია არ უნდა მიიჩქმალოს. პრემიერის განცხადებას გამოხმაურება უნდა მოჰყვეს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ექსპერტულ წრეებშიც. ჩვენ ამ პროცესში, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც, ვინაიდან ევროინტეგრაციის პროცესის დაცვა, პრეზიდენტის მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები