დავით უსუფაშვილი სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საკითხთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საკითხთა მინისტრთან, პასკუალე ვალენტინისთან გამართა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საერთო პრობლემატიკასთან გასამკლავებლად მჭიდრო ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დავით უსუფაშვილმა სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საკითხთა მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკვე აღარავის უჩნდება კითხვა, თუ რატომ არის საქართველო ასე მოწადინებული გახდეს ნატოს წევრი. მისივე თქმით, შეკითხვები არ არსებობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებითაც. როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ისტორიული კავშირები ევროპასა და აზიასთან, შესაძლებლობას იძლევა, ვიყოთ სასარგებლო პარტნიორი ყველა ქვეყნისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ პასკუალე ვალენტინის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაზეც სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საკითხთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. მისივე განცხადებით, მსოფლიო გამოცდილება არ იძლევა საშუალებას, ურთიერთობები კონფლიქტების მეშვეობით გადაწყდეს და ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და სან-მარინო ზომით პატარა ქვეყნებია, საერთაშორისო პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ. მხარეების თქმით, 21-ე საუკუნის უნიკალური მახასიათებელიც სწორედ ეს არის-დიდი და პატარა ქვეყნების თანაბარუფლებიან პირობებში თანაცხოვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები