საქართველოსა და სან – მარინოს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მექანიზმის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრმა პასკუალე ვალენტინიმ.
სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან. შეხვედრაზე ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და ფინანსურ სფეროებში ურთიერთობების განვითარებას. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რეგიონში შექმნილი ვითარება და საერთაშორისო საკითხები. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
შეხვედრაზე სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. პასკუალე ვალენტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში, სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები