წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს აბსოლუტურად გამჭვირვალედ აფასებს

კენჭისყრა და ხმის დათვლის პროცესი იყო გამჭვირვალე და ეს ყველამ ნახა, მათ შორის არასამთავრობო სექტორმა და მედიამ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეირჩა.
იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, საპროკურორო საბჭოს წევრებს მიეცათ საშუალება, ეთქვათ თავიანთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ურჩევნიათ მათ, რომ იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს 14 წევრიდან 13-მა თქვა თავისი სიტყვა და თქვა ის, რომ მთავარ პროკურორად ურჩევნიათ ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი შოთაძე, ნანა რევაზიშვილმა მიიღო ერთი ხმა, ხოლო მესამე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დახურული იყო, წულუკიანმა აღნიშნა, რომ საბჭოს დებულებაში არსებობს დათქმა, მედიისთვის ღიაა მხოლოდ საბჭოს სხდომის დასაწყისი.
“შემდეგ კეთდება აუდიოჩანაწერი, რომელიც ოფიციალური მომართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, გადმოგეცეთ. არაფერი საიდუმლო გასაუბრებაში არ არის”, – აღნიშნა წულუკიანმა.
კითხვაზე, როგორ მოხდა მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ნანა რევაზიშვილის შერჩევა და რა კრიტერიუმებით შეარჩია წულუკიანმა ის, მინისტრმა აღნიშნა, რომ რევაზიშვილს აქვს უნიკალური, პროკურორად მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.
“მისი დადებითი მხარე, თუ რატომ შევიყვანე ამ სიაში, არ იყო მხოლოდ ის, რომ მას პროკურორად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ასევე ტოტალური უსამართლობის პირობებში, როდესაც უკანონო განაჩენებით ხალხი ციხეში იჯდა, ქალბატონიო ნანა იყო ის ადვოკატი, რომელიც მათთან შედიოდა ციხეში და იცავდა პატიმრებს. მე მას ეს, სხვა ღირსებებთან ერთად, ჩავუთვალე, რომ მისი ძლიერი მხარე იყო”, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატი შემოწდა და არცერთი მათგანი ნასამართლევი არ არის. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევისთვის პარლამენტს წარედგინება. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები