საქართველოში აგროფორუმი „Georgia Agro Forum – 2015“ ტარდება

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 19-20 ნოემბერს აგროფორუმი „Georgia Agro Forum – 2015“ ტარდება.
ფორუმი უკრაინული ორგანიზაცია APK-Inform Agency ორგანიზებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციაციის მხარდაჭერით გაიმართება. აგროფორუმის მიზანს საქართველოს აგრარული სექტორის პერსპექტივების და საინვესტიციო პოტენციალის განხილვა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
აგროფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითრების 2015-2020 წლების სტრატეგიის პრიორიტეტებზე და ქვეყნის აგრარული სექტორის საინვესტიციო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
„აგრარული სექტორის განვითარება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების დინამიკა გაიზარდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მევენახეობის, მებოსტნეობის, მეხილეობის და მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით. გაძლიერდა სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი. მიმდინარეობს ჩვენი კანონმდებლობის დაიხვეწა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მთავრობის მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების შედეგად, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნა“, – აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენელმა. აგროფორუმში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, ქართული და უცხოური დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. მონაწილეების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და ორმხრივი შეხვედრები, სადაც მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფორუმს ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, აგრარული დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. ცნობისთვის, 20 ნოემბერს, ფორუმის მონაწილეები ქვემო ქართლში საქართველოს საინვესტიციო ფონდის მიერ დაფინანსებულ სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები