დიმიტრი ქუმსიშვილი: მავნებლობაა იმის მოთხოვნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე უარი უთხრან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს აზრით, მავნებლობაა იმის მოთხოვნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე უარი უთხრან.
ქუმსიშვილის განცხადებით, იგი თავად იყო ბრიუსელში, სადაც მან მინისტრებისგან შეიტყო, რომ დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს.
“მე ვიყავი ბრიუსელში, თუმცა ეს ინფორმაცია არ მიმიღია, მაგრამ ვადასტურებ, რომ მინისტრებმა ეს ინფორმაცია მიიღეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ევროპელი მეზობლები გაკვირვებულები იყვნენ დამოკიდებულებით. ვიზალიბერალიზაცია არ არის ჩვენი ან ვიღაცის მთავრობისთვის, ეს არის მოსახლეობისთვის, საქართველოსთვის. დაჟინებით მოთხოვნა იმის, რომ არ მისცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, იმიტომ, რომ ეს მთავრობაა, ან სხვა მთავრობაა, მავნებლობაა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცენ. მთავრობის მეთაურმა “ნაციონალური მოძრაობა” ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრობაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები