ლაშა თორდია: კულტურის სამინისტროში დანამატების ყველაზე დიდი რაოდენობაა გაცემული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით, კულტურის სამინისტროში დანამატების რაოდენობა 604 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო სიპების ჩათვლით – 1509 პროცენტით.
როგორც თორდიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის მიერ სახელმწიფო უწყებებში გაცემულ დანამატებზე გაკეთებულ განცხადებებს მინისტრისგან სხვადასხვა შეფასება მოჰყვა, მათ შორის კულტურის მინისტრისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის არაადეკვატური დასკვნა და ის აპელირებდა 2015 წელს კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებულ სიპებზე.
მისივე თქმით, კულტურის სამინისტროში სხვა უწყებებთან შედარებით დანამატების ყველაზე დიდი რაოდენობაა გაცემული.
“განცხადება მინდა გავაკეთო ცალკეული მინისტრების გამოხმაურებებზე პრემიების და დანამატების საკითხთან მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა შევეხო კულტურის მინისტრის განცხადებას, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ არაადეკვატური დასკვნა დანამატებთან დაკავშირებით.
პრემიების საკითხმა, რომელიც, ასე თუ ისე, დარეგულირდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, არ გამოიწვია შესაბამისი შედეგი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მიმართულია დანამატებით პრემიების ჩანაცვლებაზე. ჩვენი დასკვნები ემყარება ხაზინის სამსახურის მიერ მოწოდებულ ციფრებს. კულტურის სამინისტროში დამანატები გაზრდილია 1509 პროცენტით. კულტურის სამინისტროს დაემატა სიპები და მათი თანხების აკუმულირება მოხდა მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ამ სიპების გამოკლებით 2015 წლის პირველ 9 თვეს, 2014 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, 604 პროცენტით არის გაზრდილი დანამატების რაოდენობა”, – განაცხადა თორდიამ და აღნიშნა, რომ პრემიები შემცირდა.
“სულისკვეთება საქართველოს მთავრობის იყო, რომ შემცირებულიყო პრემიების რაოდენობა, თუმცა თანხობრივ გამოხატულებაში აუდიტის სამსახური ხედავს, რომ შემცირდა პრემიები, მაგრამ გაიზარდა დანამატები. შესაბამისად, ასეთია სურათი, რომ 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიები, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა”, – განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.