პრემიერი: ინფორმაცია, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელფასები მხოლოდ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პედაგოგებსა და ექიმებს გაეზარდათ.
“ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ამ დროს კი პრაქტიკულად არაფერი არაა. არის ჯარისკაცების ხელფასები გაზრდილი 113 მილიონი ლარით, პოლიციელების – 106 მილიონი ლარით. ასევე გაზრდილია მასწავლებლების და ექიმების ხელფასები. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა თავისთვის ხელფასები, არის სრული სიცრუე. მე მგონი, უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულაცია დაასრულონ. მოსახლეობა მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო პრაქტიკა, როცა თანამშრომელს ეძლეოდა ხელფასის სახით გარკვეული თანხა, შემდეგ ემატებოდა პრემია და შემდეგ დანამატი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2017 წლისთვის სახელფასო სისტემა მოწესრიგებული იქნება.
“წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა თანამშრომელს ეძლეოდა ხელფასის სახით გარკვეული თანხა, შემდეგ ემატებოდა პრემია და შემდეგ დანამატი. ჩვენ პრემიის კომპონენტი დავარეგულირეთ, რომ ქაოსურად არ ხდებოდეს მისი გაცემა და ხდება ხელფასზე დანამატის გაცემა. ეს არის საშუალოდ 300-400 ლარის დანამატი, რაც მოდის, ძირითადად, საშუალო და ქვედა რგოლზე, ან დეპარტამენტის უფროსებზე. ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის საჯარო სამსახურის რეფორმა დამთავრებული, რომელიც ითვალისწინებს სახელფასო სისტემის მოწესრიგებას, ისევ ცუდი პრაქტიკით გრძელდება დღემდე ხელფასების გაცემა, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2017 წლისთვის მთელი ეს სახელფასო სისტემა მოწესრიგდება და ხელფასს დაერქმევა ხელფასი, დანამატს – დანამატი და აღარ მოხდება ასე ქაოსურად გაცემა დანამატების და პრემიების”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები