საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს თბილისში გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესი წარუდგინა.
მისი განცხადებით, აღნიშნული წესის მიზანს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების და დასასვენებელი ადგილების განვითარება და შენარჩუნება, აგრეთვე დეკორატიული, მდგრადი გამწვანებული ტერიტორიების ჩამოყალიბება წარმოადგენს, რაც დედაქალაქის მაცხოვრებელთათვის ჯანსაღი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
მისივე თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების კლასიფიკაცია ახალი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განხორციელდება, რაც ტერიტორიების ფართობის მიხედვით, ამა თუ იმ კატეგორიისთვის (პარკი, ბაღი, სკვერი, ბულვარი) მიკუთვნებას და მათთვის სატატუსის მინიჭებას გულისხმობს.
სხდომაზე, შორენა ბუხრაშვილმა კომისიის წევრებს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო სულხანიშვილი წარუდგინა, რომლის კანდიდატურაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს წარმოადგინა. დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე და გარემოს დაცვის მიმართულებით დოკუმენტში ასახულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც ნინო სულხანიშვილს გარკევული წინადადებები და შენიშვნები წარუდგინეს.
სხდომას აგრეთვე, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თემურ ფხალაძე და მისი მოადგილე ლერი ქვარაია ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიის წევრებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი წარუდგინეს.
დღესვე, დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებების დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლემა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები