ანა დოლიძე ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მიიღო. ანა დოლიძე დღეს თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მხარდაჭერის პროგრამის – „მხარი მხარს“ ფარგლებში, „ალგანი ჯგუფისა“ და „ბონჯორნოს“ ხელმძღვანელებს – გრიგოლ ნემსაძესა და გიორგი წერეთელს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტრს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და კონკრეტულ ბიზნესმენებს ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სამინისტროს ხედვა – „მხარი მხარს“ გულისხმობს, რომ სამინისტრო, შეიარაღებული ძალები გვერდში უდგანან საზოგადოებას და საზოგადოებაც გვერდში უდგას ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა კი ბიზნესმენების მიერ იმ ადამიანებზე ზრუნვაში გამოიხატება, რომლებმაც ქვეყნის სამსახურს საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს. კონკრეტულმა ბიზნესმენებმა სურვილი გამოთქვეს, რომ დაასაქმონ ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, მადლობას ვუხდით მათ. იმედი გვაქვს, ბიზნესსამყაროს უფრო მეტი ლიდერი გამოთქვამს სურვილს, რომ სხვადასხვა ფორმით მხარი დაუჭიროს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ბიზნესორგანიზაციების ხელმძღვანელებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს საკუთარი საქმიანობის სფეროები გააცნეს და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის სამსახურში, დასუფთავების სერვისსა და ქიმწმენდის მიმართულებით დასაქმების ინიციატივა გამოთქვეს. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა, საქართველოს მასშტაბით, ჯარისკაცების მხარდაჭერისა და დასასაქმებელი პირების გადამზადების საკითხებიც განიხილეს. სტუმრებმა ანა დოლიძესთან თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და მომსახურეობის სხვა მიმართულებებზეც ისაუბრეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ჭოხონელიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები