„ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა ტარდება
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენა ტარდება. საქართველოში აგრომიმართულების ყველაზე პრესტიჟული გამოფენა წელს განსაკუთრებით მასშტაბურია და საგამოფენო სივრცე მე-5, მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე ტერიტორიებზეა გაშლილი. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლევანთ გუმრუქჩუ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე და პოლონეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების მინისტრის მოადგილე სოფია სცალცკინი ესწრებოდნენ.
გამოფენა საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. პირველად წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის). საგამოფენო ცენტრის მე-11 და მე-5 პავილიონებში საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი, ჰოლანდია) 140 კომპანია წარმოადგენს.
გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ყველა უწყება – სურსათის ეროვნული სააგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შპს „მექანიზატორი“, შპს „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარ სტენდს წარადგენს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს.
პავილიონში წარმოდგენილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. 40-მდე კოოპერატივი (საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან) საკუთარ პროდუქციას – თაფლს და მეფუტკრეობის პროდუქტებს, ჩაის, თხილს, ჩირს, ჩურჩხელას, ყველს, მწვანილს, ბოსტნეულს, ხილს – შესთავაზებს დამთვალიერებელს.