რა საქმეზე შეიძლება დაიკითხოს ირაკლი ალასანია?!

დღეს გახდება ცნობილი, დაიკითხება თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.
ამ შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მიმართეს.
შუამდგომლობის საფუძველი სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი მოწმის ჩვენება გახდა. დაცვის მხარის თქმით, მნიშვნელოვანია ირაკლი ალასანიას დაკითხვა, რათა გადამოწმდეს ის ფაქტები, რაზეც მოწმე საუბრობდა. თუ სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე დაიკითხება. „ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ის შეხვდა ირაკლი ალასანიას, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო, მას ესაუბრა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და ამ საქმეზე მიაწოდა გარკვეული სია, რის შემდეგაც მათ გარკვეული მოქმედებები განახორციელეს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის, პირველ რიგში, იმიტომ, თუ რატომ ხდებოდა ჩარევა თავდაცვის მინისტრის მხრიდან და რა ინფორმაციას ფლობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე, 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დანაშაულის არ არსებობის გამო შეწყდა. 2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა ს. თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაახლა გამოძიება. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით, სერგო თეთრაძე, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, არაერთხელ სცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, სერგო თეთრაძე, ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს – ვიქტორ ყაჭეიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ბრალდება წარედგინათ.
2013 წლის 16 იანვარს სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას და გლადანის №8 საპყრობილის ხელმძღვანელობას: ალექსანდრე მუხაძეს, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი კი პატიმრობაში ციხის სკანდალთან დაკავშირებულ წამების ბრალდებაზე უკვე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები