129 მოკლული 45 წუთში – პარიზის ტერაქტების ქრონოლოგია (ვიდეო)
პარიზში, 13 ნოემბერს, გვიან ღამით, მასობრივი ტერორისტული შეტევა მოხდა. დაახლოებით 45 წუთში ტერორისტებმა 129 ადამიანი მოკლეს, ხოლო 350 დაიჭრა. ტერაქტები პარიზის ორ ნაწილში მოხდა. პირველი და შემდეგ კიდევ ორი აფეთქება პარიზის შემოგარენში, ადგილობრივი დროით 21.16-ზე, „სტად-დე-ფრანსის“ სტადიონთან მოხდა, სადაც იმ დროს ფეხბურთში გერმანია-საფრანგეთის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. ამავე დროს, ტერორისტები პარიზის მე-10 და მე-11 ოლქებში თავს დაესხნენ რამდენიმე დაწესებულებას, მათ შორის „ბატაკლანის“ თეატრს, სადაც როკ-კონცერტი მიმდინარეობდა.
„სტად-დე-ფრანსის“ სტადიონთან თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ კიდევ ორმა თვითმკვლელმა სტადიონის შესასვლელთან აიფეთქა თავი. სტადიონზე მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერი სასწრაფოდ იყვნენ ევაკუირებულები. მატჩი არ შეჩერებულა, ხოლო მაყურებლების ნაწილი სტადიონიდან „სახანძრო განგაშის“ მოტივით გაიყვანეს, რათა პანიკა არ გამოეწვიათ.
პირველი აფეთქების შემდეგ დაახლოებით ოთხ წუთში სენ-მარტენის არხთან ახლოს ორმა ტერორისტმა ავტომანქანიდან ცეცხლი გახსნა რესტორან „კამბოჯის“ და „ლე კარილიონის“ მიმართულებით. აქ 26 ადამიანი დაიღუპა.
დაახლოებით 21.32-ზე დე ლა ფონტენის ქუჩაზე მამაკაცმა ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა „ლა კაზა ნოსტრას“ პიცერიაში მყოფ ადამიანებს. დაიღუპა 5 ადამიანი. ამავე დროს, შარონის ქუჩაზე ორმა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა კაფე „ლა ბელ ეკიპს“, სადაც 19 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი დროით 21.50-ზე, „ბატაკლანის“ თეატრში ოთხი შეიარაღებული ტერორისტი შევარდა და 10 წუთის განმავლობაში იქ მყოფ მაყურებელს ავტომატებიდან ესროდა. შტურმის დროს სპეცრაზმმა ერთი ტერორისტი მოკლა, ხოლო სამმა ბომბების აფეთქება მოასწრო. თეატრში 100 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაციის შედეგად 8 ტერორისტი მოკლეს. ერთის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

