ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, დავალებას ზედმიწევნით დიდი მოტივაციით ასრულებენ – ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ისინი რომ წაბრძანდნენ თავიან ქვეყნებში, მათზე არანაკლებ მოტივირებულ ელჩებს გამოუშვებენ

არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი მოტივაციით ასრულებენ დავალებას. ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, ასეთები არიან, რომლებიც დავალებას ზედმიწევნით, დიდი სიამოვნებით, დიდი მოტივაციით ასრულებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას განაცხადა.

იგი მიიჩნევს, რომ ჰერჩინსკიც და ფიშერიც ტრაგიკული პიროვნებები არიან და ისინი მოქმედებენ კონკრეტული დავალებებისა და ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც ბრიუსელიდან მოდის.

„ასე მოქმედებს ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, სამწუხაროდ, საუბარი მაქვს რადიკალურ ოპოზიციაზე და ბატონი ჰერჩინსკისა და ბეტონი ფიშერის გარდა კიდევ რიგ ელჩებზე. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ დავალებას. არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი მოტივაციით ასრულებენ ამ დავალებას. ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, ასეთები არიან, რომლებიც დავალებას ზედმიწევნით, დიდი სიამოვნებით, დიდი მოტივაციით ასრულებენ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკური იქნება, ეს ელჩები საქართველოში აღარ მუშაობდნენ – ბევრ კითხვას გვისვამენ ჩვენი მხარდამჭერები, თუმცა, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ისინი რომ წაბრძანდნენ თავიანთ ქვეყნებში, მათზე არანაკლებ მოტივირებულ ელჩებს გამოუშვებენ საქართველოში. შესაბამისად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მოთმინების რეჟიმში ვიყოთ. რა თქმა უნდა, მათ უსამართლობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, თუმცა ჩვენ ევროპელ ხალხთან ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობებს და ბიუროკრატებმა და ელჩებმა ამაზე გავლენა არ უნდა იქონიონ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები