ვატო ქავთარაძე: iPhone+ – სთვის რჩევის მიცემა იგივეა, ISIS-ის ტერორისტებს მისცე რჩევა
საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კომპანიის Wind Fourse-ის ხელმძღვანელი ვატო ქავთარაძე კომპანია iPhone+-ის მიერ დღეს გავრცელებულ პროვოკაციულ ვიდეორგოლს დაბალი დონის რეკლამას უწოდებს. ქავთარაძე მიიჩნევს, რომ კომპანიამ ამის გამო მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს.
Wind Fourse-ის ხელმძღვანელი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველაზე სწორი იქნება ამის შესახებ Apple-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას ეცნობოს და შესაბამისი რეაგირება მათ გამოხატონ.
მისივე თქმით, როდესაც iPhone+ – ის გუნდი ამ ფორმით აცხადებს, რომ ისინი Apple-ს ოფოციალური პარტნიორები ხდებიან, დაახლოებით მაინც უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა კომპანიის ხედვის, ღირებულებებისა თუ ფასეულობების შესახებ.
“როგორც ამბობენ, ეს არის ხუმრობა და დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. მე კი მიმაჩნია, რომ ეს არც ხუმრობაა და არც გამოხატვის თავისუფლება. უკიდურესად არასწორი ფორმა აირჩიეს. პრინციპში ისინი ამით ემიჯნებიან Apple-ის კულტურას, ზოგადად, ფასეულობებსა და საკომუნიკაციო კოდექსს.
ამ შემთხვევაში არანაირ თავსებადობაში არ მოდის Apple-თან ამგვარი კომუნიკაცია, ადამიანური და ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარეც, ეს არანაირ ნორმაში არ ჯდება. არ უნდა გამოიყენონ ასეთ დროს მსგავსი ენა საკომუნიკაციო ფორმატში.
ამ შინაარსის სარეკლამო ვიდეორგოლი ამგვარ მწვავე რეაქციებს არ გამოიწვევდა, ალბათ, რომ არა საფრანგეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები. ადამიანებს ჯერ არ განელებიათ ის ემოცია, დაშვებულია დროშები ყველა ნორმალურ ქვეყანაში, არც სხვა დროს იქნება ესთეტური და ნორმალური ასეთი სარეკლამო რგოლის გაკეთება.
Apple გამოირჩევა თავისი პროდუქციის ესთეტიკით, კომუნიკაციის გემოვნებით და როცა ვიღაც ადამიანების ჯგუფი იბრალებს Apple-ის წარმომადგენლობას, თან აცხადებს, რომ ისინი ხდებიან ოფიციალური წევრები და ასეთი ფორმით აკეთებს კომუნიკაციას საზოგადოებაში, ჩემი აზრით, არის მდაბიო გემოვნების მანიშნებელი და არადექვატური. მათ უნდა გაიგონ, რომ ძალიან ცუდად იხუმრეს. მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადონ ან წაშალონ რეკლამა საიტიდან.
როცა კომპანია მსგავსი სახის რეკლამას აკეთებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათ ფასეულობებზე არ აქვთ წვდომა, არა მგონია, რჩევა გამოადგეთ. რჩევა შეიძლება მისცე იმას, ვისაც ადეკვატურად ესმის საკითხი და საერთო ენაზე საუბრობს, მაგრამ ამ ფორმით იმდენად გამმიჯნავი ხაზი გაუსვეს იმ ფასეულობებს, რაც Apple-ს და ნორმალურ ადამიანს აქვს, მაგათთვის რჩევის მიცემა იგივეა, რაც ISIS-ის ტერორისტებს მისცე რჩევა. ტერორისტებს ხომ ფეხებზე ჰკიდიათ რჩევები? ალბათ, ამათაც ფეხებზე ჰკიდიათ…
როცა ამგვარი ენით ლაპარაკობ, საერთოდ არ გესმის არც კომუნიკაციის, არც ბრენდინგის. კაცობრიობა არის შეძრული და ამ დროს აფასებ ამ ყველაფერს ხუმრობად, ძალიან გასაბრაზებელი და გამაღიზიანებელია.
არავის არ მოსვლია აზრად ამის გაკეთება დედამიწაზე, ასეთ დროს, მით უმეტეს. მგონია, რომ მინიმუმ Apple-ს უნდა ეცნობოს ეს ამბავი და შესაბამისი რეაგირება მათ გამოხატონ. „ლიმონკებს“ ხომ არ შევუყრით ჩვენ?!”,-განაცხადა ვატო ქავთარაძემ.
როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, iPhone+ -მა მისი სახით ერთი ერთგული მომხმარებელი უკვე დაკარგა: “iPhone + – ს მომხმარებელი ვიყავი, სულ მათთან ვყიდულობდი ტექნიკას. ახლა კატეგორიულად არ ვაპირებ მათ მაღაზიაში შესვლას ამ ქმედებიდან გამომდინარე. თუ ისეთ რამეს გააკეთებენ,რომ გულს მომილბობენ როგორც მომხმარებელს, არ ვიცი”.
ინტერნეტსივრცეში iPhone+ – ის პროვოკაციული სარეკლამო რგოლი ვრცელდება. ვიდორგოლში iPhone+ – ის თანამშრომლები, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მსგავსად არიან გამოწყობილნი, მათ „ავტომატები“ უჭირავთ და კონკურენტებს ემუქრებიან.
ვიდეოს თან ერთვის ქართული ტიტრები, სადაც წერია, რომ iPhone+ იანვრიდან ხდება Apple-ის ოფიციალური პარტნიორი. ისინი ძლიერი კონკურენციით იმუქრებიან. სარეკლამო რგოლის მონაწილეები „პერფორმანსს“ იარაღიდან გასროლის იმიტაციით ასრულებენ. ვიდერგოლმა სოციალური ქსელის მომხმარებლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვიდეო iPhone+ – ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მოგვიანებით კი iPhone+ -ის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იყო ხუმრობა და, აგრესიის გამოხატვის ნაცვლად, საზოგადოებას უნდა გასცინებოდა.