„ჩვენ ხალიფატსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შუაში ვართ“- ემუქრება თუ არა საქართველოს ტერორიზმის საფრთხე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოსთან მიმართებაში არსებულ ტერორისტულ საფრთხეებზე ისაუბრა. სესიაშვილის განცხადებით, ძირითადი საფრთხის შემცველი, საქართველოსთვის შესაძლოა, ქვეყნის ადგილმდებარეობა აღმოჩნდეს.
„ პირველი საფრთხე, ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ახლოს ვართ სირიასთან და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სირიაში მოვლენები, შესაძლოა, ლტოლვილთა ნაკადი მოგვაწყდეს, შეიძლება საქართველოს გავლით შეეცადოს ვინმე ევროპაში წასვლას და ასე შემდეგ. მეორე – რეალურად დამაფიქრებელია „ხალიფატის სახელმწიფო“, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აღიარებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩვენ, ფაქტობრივად, ხალიფატსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შუაში ვართ. ჩრდილოეთ კავკასიაში არიან ჯგუფები, რომელთაც სურთ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ, ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე. აქ შეიძლება მოძრაობა შეინიშნოს, ვიღაც შეიძლება გადავიდეს, ვიღაც გაიჭედოს… აქ ჩვენ სერიოზული მუშაობა გვჭირდება“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს ძლიერ მხარეებს, სესიაშვილის განმარტებით, ჩვენი ძლიერი მხარეა, რომ ძალიან სერიოზულად ვთანამშრომლობთ ძირითად მოთამაშეებთან, აშშ-სთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან.
„ჩვენ აშშ-ს და ნატოს გამორჩეული პარტნიორი ვართ. ვთანამშრომლობთ, ეს არის: ინფორმაციის გაცვლა, ტერორიზმის პრევენცია, ტერორისტებისთვის განკუთვნილი ფინანსური ნაკადების კონტროლი,ეს არის სადაზვერვო საქმიანობა. უშიშროებაში ბევრი პრობლემა იყო 2012 წლამდე, მთელი რიგი მიმართულება იყო მოშიშვლებული. სტრუქტურის გაყოფამ მისი ეფექტურობა გაზარდა. დღეს უსაფრთხოების სამსახური კიდევ უფრო კონცენტრირებულია ანტიტერორისტულ და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები