დავით უსუფაშვილი: მიუხედავად ბევრი წინაღობისა, რომლის პირისპირ ახლაც ვდგავართ, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავბრუნდეთ ევროპაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ავსტრიაში ვიზიტს აგრძელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თემაზე – „საქართველოს ევროპული გზის გამოწვევები და პერსპექტივები ახალგაზრდა დემოკრატიისთვის“ დღეს ავსტრიის ეროვნულ საბჭოში ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზეც.
„როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს მსგავსი ქვეყნების შესახებ ვსაუბრობთ, ნომერი პირველი გამოწვევაა-როგორ დავაღწიოთ თავი კომუნიზმს, პოსტ კომუნიზმს ან როგორ დავასრულოთ ის საშინელი ისტორიები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა გამოიარეს და როგორ ვაქციოთ ჩვენი საზოგადოება ნამდვილად თავისუფალ საზოგადოებად, რომელიც დაფუძნებული იქნება ტოლერანტობაზე, კონსესუსისთვის მზადყოფნაზე, სადაც ლიდერები არ მოიქცევიან ისე, თითქოს ისინი ერისა და ქვეყნის ერთადერთი მხსნელები არიან და როგორ ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები ისეთ ქვეყნებად, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს თავისუფალი არჩევანი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, დემოკრატია საქართველოში ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა, ქვეყანა ენთუზიაზმითაა აღვსილი.
„ჩვენ ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით ვართ აღვსილი, მიუხედავად იმ ბევრი პრობლემისა, რომელიც 25 წლის განმავლობაში გამოვიარეთ, მიუხედავად ბევრი წინაღობისა, რომლის პირისპირ ახლაც ვდგავართ, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავბრუნდეთ ევროპაში და ესაა ჩვენი უმოკლესი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული სლოგანი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ხარვეზის მიუხედავად, საქართველომ ბევრჯერ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ნამდვილად ევროპას ეკუთვნის და ამ მიმართულებით სვლას აგრძელებს. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, პოზიტიურ შეფასებას მოელის და იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის წინაღობა არ იქნება.
მისივე თქმით, სხვადასხვა რეკომენდაციის ფონზე, ქვეყანა აგრძელებს ნატოს მიმართულებით სვლასაც. „ჩვენ ძალიან სერიოზულად მივიღეთ, როდესაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცხადებულ იქნა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. არ ვაპირებთ, ეს დავივიწყოთ და არც დავუშვებთ, რომ ვინმემ დაივიწყოს. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს მიმართულებით სვლას მაგრამ ამავდროულად, სანამ მიზანს მივაღწევთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდაა. და ეს არის უზარმაზარი გამოწვევა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვითარება რეგიონში არასტაბილური და არაპნოგროზირებადია. დავით უსუფაშვილმა რეგიონში რუსეთის როლზეც ისაუბრა. „გვსურს, გავაფრთხილოთ ჩვენი მეგობრები, რომ რუსეთის გეგმა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, არამედ სხვა რეგიონების თავის კონტროლქვეშ მოქცევაა და ეს გამოწვევა ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებასაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციაზე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მზად არის, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხებში. „არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. გვესმის, რომ საქართველო უნდა იყოს საინტერესო და სასარგებლო პარტნიორი მეგობარი ქვეყნებისთვის და ამიტომ, მათ ვთავაზობთ ბევრ რამეს, დაწყებული საიმედო, პროგნოზირებადი, უსაფრთხოების მიმართულებით გრძელვადიანი პარტნიორობიდან დაწყებული. მრავალი წლის განმავლობაში, დავამტკიცეთ, რომ წევრობის არქონის მიუხედავად ან ჩვენი პარტნიორების მხრიდან შესაბამისი უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, მზად ვართ წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოების საკითხებში. მეორე- საქართველო, მეზობლებთან ერთად, შეიძლება იყოს სასიცოცხლო ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ყველაფერი, ცხინვალიდან დაწყებული და ცხინვალი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქია, სამხრეთ პოლუსით დამთავრებული, რუსული სამხედრო ძალის მიერ კონტროლდება“, – მიმართა დავით უსუფაშვილმა დამსწრეთ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა შეკითხვებსაც, რომლებიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები