“ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანმა საკუთარი მოქალაქე დააკავა, რომელიც საბრძოლველად სირიაში გადასვლას ცდილობდა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანმა საკუთარი მოქალაქე დააკავა, რომელიც ISIS-ის რიგებში საბრძოლველად სირიაში გადასვლას ცდილობდა, – აღნიშნულის შესახებ ლევან იზორიამ “მაესტროს ფაქტორში” განაცხადა.
“ჩვენი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე ქალაქ ბელქანში, აზერბაიჯანში დაკავებული იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ ცდილობდა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, რათა შემდეგ წასულიყო სირიაში და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ებრძოლა. აზერებაიჯანულმა მხარემ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ეს არის ერთ-ერთი ფაქტი, თუმცა მთელ რიგ ღონისძიებებზე თუ ვისაუბრებთ, რაც შეიძლება საჯაროდ გავრცელდეს, მინდა დამატებით ვთქვა, რომ ათეულობით ადამიანის შემოსვლა იქნა აღკვეთილი, მათ შორის, აფრიკული და არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც ტრანზიტულად ცდილობდნენ საქართველოდან – თურქეთში და თურქეთიდან სირიაში გადასვლას. ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ სიით (დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი), რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვაწვდიან. მათ შორის, საუბარია არა მხოლოდ აქტიურ, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები