გია მეფარიშვილი პარლამენტს „ნაციონალების“ გასამართლებას სთხოვს

ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ 9- წლიანი რეჟიმის გასამართლებლად.
როგორც გია მეფარიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი სისტემა, უნდა გასამართლდეს.
ამასთანავე, გია მეფარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სამალავებში აღმოჩენილი კადრების განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი მტკიცებულება საკუთარი ხელით „მოსპო“ . ყოფილი პროკურორი ინტერვიუში ნიურნბერგის პროცესს იხსენებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურება არაფრით შეიძლებოდა და ხელისუფლებამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა! პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – ხელისუფლებამ სერიოზული დანაშაულის ნივთმტკიცებები საკუთარი ხელით მოსპო! აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და „ნაციონალური მოძრაობის“ 9 -წლიანი რეჟიმი შეაფასოს, როგორც დანაშაულებრივი სისტემა! ნიურნბერგის პროცესი იყო უდიდესი მოვლენა, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოში სამართლებრივი აზროვნების წესი მთლიანად შეცვალა! აღსანიშნავია, რომ ნიურნბერგის პროცესზე, სამხედრო დამნაშავეებთან ერთად ის მოსამართლეებიც გასამრთლდნენ, რომლებსაც ფაშისტურ გერმანიაში მოქალაქეებისთვის არაადამიანური და არანორმალური განაჩენები გამოჰქონდათ! განსასჯელის სკამზე მსხდომი მოსამართლეები აპელირებდნენ, ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, გერმანიის საკანონმდებლო აქტებს ვემორჩილებით და განაჩენებიც მათ მიხედვით გამოგვქონდაო, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ არგუმენტად არ გამოადგათ, რადგან ნიურნბერგის სასამართლომ უპირატესი იურიდიული ძალა მიანიჭა არა გერმანიის შიდა კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო სამართლის აქტებს!“ – აცხადებს გია მეფარიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები