11 წლის ბავშვის გარდაცვალებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადანაშაულებენ

11 წლის თორნიკე ძოწენიძე შეუძლოდ 6 ნოემბერს, შუადღის 12 საათზე გახდა. ოჯახის წევრებმა დასახმარებლად სასწრაფოს მიმართეს, გამოძახებაზე მისულმა ექიმებმა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვეს – ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის წასვლის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც მშობლებმა კერძო სასწრაფო დახმარების პედიატრი გამოიძახეს.
სამედიცინო პერსონალმა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა უზრუნველყო. კერძოდ, იაშვილის კლინიკაში, სადაც პაციენტს გადაუდებელი რეანიმაციული დახმარება გაეწია, თუმცა უშედეგოდ – 11 წლის თორნიკე კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. ბავშვის ნათესავები ფაქტების შესწავლასა და სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის სამედიცინო ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ.
გარდაცვლილის ნათესავის ტატა კლონინას თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ტყუილუბრალოდ გამოძახების გამო და ბავშვს დროული დახმარება არ გაუწიეს.
“ჩვენი მხრიდან ერთადერთი და უპირობო მოთხოვნა არის ის, რომ ამ ბრიგადას დაუყოვნებლივ შეუჩერდეს ლიცენზია და დაითხოვონ სამსახურიდან. გასაგებია, ჩვენ ვეღარაფერი გვიშველის, მაგრამ რეალურად არსებობენ ადამიანები, ვისთანაც შეიძლება ეს ექიმები მივიდნენ და ისეთივე ნოლი ჰქონდეთ რეაქცია, როგორც ჩვენს შემთხვევაში. იმის მაგივრად, რომ ბავშვი გადაეყვანათ კლინიკაში ან დახმარება გაეწიათ, ჩვეულებრივად იჩხუბეს, რატომ გამოგვიძახეთ ტყუილ-უბრალოდო და ა.შ.
ბავშვი იყო შეუძლოდ, მუცელს იტკიებდა. არაფერი განსაკუთრებული. იმის გამო, რომ თორნიკეს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, საუბარია ცერებრალურ დამბლაზე, მაგრამ ეს იყო მსუბუქ ფორმებში და ბავშვი იყო ჩვეულებრივად რეალიზებული, დადიოდა სკოლაში და გავლილი ჰქონდა მკურნალობის ყველა კურსი. აქვე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მას სასიკვდილო არაფერი სჭირდა. ემსხვერპლა მხოლოდ და მხოლოდ ექიმების დაუდევრიბას.
შეუძლოდ რომ გახდა გამოვიძახეთ სასწრაფო, მაგრამ გადაყვანასა და დახმარებაზე უარი თქვეს, იმ მიზეზით, რომ თითქოს არაფერი არ სჭირდა ბავშვს. როგორც გითხარით, ილანძღებოდნენ, არაფერი არ სჭირს და რატომ გამოგვიძახეთო. სასწრაფო დახმარების გამოძახება მოხდა 6 ნოემბერს, შუადღის 12 საათზე მოვიდნენ. არ ჩათვალეს საგანგაშოდ ბავშვის მდგომარეობა და წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და გამოვიძახეთ კერძო სასწრაფოს პედიატრი. სასწრაფოს მოსვლიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ პედიატრის ბრიგადამ ბავშვი დაუყოვნებლივ გადაიყვანა იაშვილის კლინიკაში, სადაც ის გარდაიცვალა.
შემიძლია, გითხრათ, იაშვილის კლინიკის ექიმებმა,  ბოლომდე იბრძოლეს მის გადასარჩენად და სასწაულები გააკეთეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო. იაშვილში გვითხრეს, რომ ბავშვს სასიკვდილო არაფერი სჭირდა, უბრალოდ დაგვიანებით მოხდა მიყვანა და მხოლოდ ამან გამოიწვია სიკვდილიო. იმის გამო, რომ თორნიკეს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, მას ესაჭიროებოდა დროული დახმარება. როცა ასეთი ბავშვები ცივდებიან, მათ აქვთ სუსტი ბრონქები, ამიტომაც ესაჭიროებათ ინტუბაცია. ელემენტარულ დახმარებაზეა საუბარი, მაგრამ ეს დროულად არ მოხდა, იმიტომ რომ თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საჭიროდ არ მიიჩნია და დადგა ეს საშინელი შედეგიც. მე არ მინდა, წინასწარ გავაკეთო დასკვნები. შემიძლია, ერთი რამ განვაცხადო მხოლოდ – შეისწავლონ ეს საქმე და ნახავენ, რაზე ვსაუბრობთ. ეს ბრიგადა, არ შეიძლება, დარჩეს სასწრაფოში და სხვა ოჯახებიც გააუბედუროს. ამ საქმის ასე დატოვებას არ ვაპირებთ”, – ამბობს ტატა კლონინა “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები