გულიკო ზუმბაძე ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიწვევით ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მიღება აღმაშენებლის გამზირზე, „ვარდების ბაღში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, აღნიშნულ თემაზე შექმნილი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის – „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ,რომლებსაც პრიზები და სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 9 ნოემბერს სტუდენტებთან სახელმწიფო მინისტრის შეხვედრით გაიხსნა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა დისკუსიის ფორმატში ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორსაც სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში წარმოადგენს.