დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 2015 წლის 14 ნოემბერს, 16:00 საათზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია. ქანდაკება გახლავთ ზუსტი მეცნიერული ასახვა იმისა, როგორ გამოიყურებოდა მილიონ 800 ათასი წლის წინ უძველესი ადამიანი.
აღნიშნული თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ, აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა (თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა – 546 სმ3, რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს). ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა. დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას, დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ გააშუქეს ისეთმა სამეცნიერო და პოპულარულმა გამოცემებმა, როგორიცაა: Science, Independent, National Geographic, Le Figaro, New York Times, BBC, CNN, Guardian და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები