ვლადიმერ (ლადო) ასათიანის პერსონალური გამოფენა გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ვლადიმერ (ლადო) ასათიანის პერსონალური გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 25 ფერწერული ნამუშევარი.
მხატვარ-ფერმწერი, ფილოსოფიის დოქტორი ვლადიმერ (ლადო) ასათიანი არაერთი გამოფენის (მათ შორისაა 9 პერსონალური გამოფენა) ავტორია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მხატვარმა 2014 წლის აპრილს ნიუ – იორკში (აშშ) ”გლობალ არტის” პროექტის ფარგლებში ”ბროდვეი გალერიში” გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მისი ნამუშევარი ნიუ-იორკის ხელოვნების ჟურნალში გამოქვეყნდა. 2014 წლის სექტემბერში ხელოვნების საერთაშორისო სააგენტოს მიწვევით (დიდი ბრიტანეთი) მონაწილეობა მიიღო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალში, რომელიც როტერდამში (ჰოლანდია), კათედრალურ ტაძარ ლაურენსკირკში ჩატარდა. 2014 წლის დეკემბერში ”ტრევიზან არტის” მიწვევით ბოლონიაში (იტალია) ”გალერეა დე მარჩში” საერთაშორისო გამოფენა ”რეალობის ილუზიაში” მიიღო მონაწილეობა, სადაც დაჯილდოვდა პრემიით ”პრემიო დე მარჩი”. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა იტალიურ ”არტ ჟურნალში”.
2015 წლის მარტში ფლორენციაში (იტალია) ვლადიმერ (ლადო) ასათიანს ორიგინალური სტილისტური ძიებებისთვის ”სანდრო ბოტიჩელის ჯილდო” მიენიჭა. მაისში რომში ”რომა იმპერიალეს” საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა ჟურნალ ”ეფეტო არტში”. ოქტომბერში მხატვარმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში ”თანამედროვე სამოთხე”, რომელიც ასევე იტალიაში, ქალაქ პალერმოში გაიმართა. მისი ნამუშევარი გამოქვეყნდა ჟურნალ ”ოვერ არტში”. ვლადიმერ (ლადო) ასათიანის ნამუშევარი, მოკლე ბიოგრაფია და შემოქმედების დახასიათება შევიდა წიგნში ”საუკეთესო ახალი და თანამედროვე მხატვრები”. წიგნის პრეზენტაცია 2015 წლის ნოემბერში ედინბურგში (დიდი ბრიტანეთი), „დანდას სტრიტ გალერეაში” გაიმართება.