მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ესტონეთის კულტურის მინისტრთან ინდრეკ საართან და ესტონეთის პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლაინე რანდიარვისთან შედგა.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი ესწრებოდა. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივ, უკვე განხოციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო ტალინის კინოფესტივალს, რომლის ფოკუს-ქვეყანაც წელს საქართველოა.
კინოფესტივალი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმით „ჩემი ბებია“ დღეს საღამოს გაიხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ესტონეთის კულტურის მინისტრთან და პარლამენტის კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მიმოიხილა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე განიხილეს კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავების გზები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კულტურის სტრატეგიის შემუშავების, სამუზეუმო საქმიანობის თუ კულტურული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. 2016 წლის ბოლოს, ვადა ეწურება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას – მხარეები კვლავ გეგმავენ თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც 2017-2021 წლებში ქვეყნებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.