თეა წულუკიანი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი” გააცნო. მინისტრმა განუმარტა ახალგაზრდებს, თუ რა სიახლეებია 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით; რა მიდგომები ინერგება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული ბავშვების მიმართ.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ჩნდება ახალი მიმართულებები პროფესიებში. კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. სპეციალიზებული კადრები მათთვის საჭირო სწავლებას გაივლიან და განსხვავებულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. იუსტიციის მინისტრის თქმით, მომავალი ახალგაზრდა პროფესიონალები უნდა დაინტერესდნენ ამ შესაძლებლობით და საკუთარი წვლილი შეიტანონ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ ამოქმედებაში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საუნივერსიტეტო პრეზენტაციებისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ციხის შეხვედრების ოთახის ინსტალაცია. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, იმიტირებული პაემნების ოთახიდან წარმოსახვით გასაუბრებოდნენ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს.

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იგი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა; ნასამართლობის გაქარწყლება; ინდივიდუალური მიდგომა; პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში; მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები; პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა; თანაზომიერება და შესაბამისობა.

კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისთვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი. კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც.

შეგახსენებთ, რომ კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

უწყების ცნობით, კოდექსის ამოქმედება დაგეგმილია 2016 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, იმ მუხლების ამოქმედება, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, იგეგმება 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები