რამდენად ხელმისაწვდომია ქართველი სტუდენტებისთვის უცხოეთში განათლების მიღება – სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების როლი

   კადრი, რომელიც რამდენიმე ფოტოკორესპონდენტმა და ტელეოპერატორმა დააფიქსირა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვილნიუსში ვიზიტის დროს არის გადაღებული. 4 12196252_1035275643161595_8150525510786072087_nნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. მარიამ ყანჩაველი ერთ-ერთია იმ ქართველ სტუდენტებს შორის, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

“სასიამოვნოა, როდესაც საქართველოდან შორს ხარ და მოულოდნელად საშუალება გაქვს შენი ქვეყნის პრემიერს შეხვდე, რომელიც აუცილებლად უნდა იცნობდეს იმ ახალგაზრდებს, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც აპირებს აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას მოახმაროს“, – ამბობს იგი.

მარიამ ყანჩაველი ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კომუნიკაციების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. უკვე ორი თვეა ლიტვის დედაქალაქში ცხოვრობს. მან თბილისში კავკასიის მედიის სკოლაში, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მარიამი სწავლის გაგრძელებას უცხოეთში გეგმავდა. მაგისტრატურაში ჩაბარება კი ვილნიუსის უნივერსიტეტში გადაწყვიტა. უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინტერნეტისა და მეგობრების დახმარებით მოიძია. ამის შემდეგ კი, თბილისში, „ექსპო – ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონში უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენას დაესწრო. იგი  სწორედ იქ გაეცნო ვილნიუსის უნივერსიტეტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და ამჟამად უკვე მეორე თვეა საზღვარგარეთ სწავლობს.

12190815_1035273799828446_731095320301651734_n„ვილნიუსის უნივერსიტეტის შესახებ გამოფენამდე მქონდა ინფორმაცია მოძიებული. თუმცა, საერთაშორისო გამოფენაზე უფრო მეტი შევიტყვე ვილნიუსის უნივერსიტეტის შესახებ. დღეს, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ფინანსური მხარდაჭერა არ მაქვს. აქ, „Erasmus+ “-ის შესარჩევი კონკურსი გავიარე. გრანტი მოვიპოვე და გაზაფხულიდან ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში ვისწავლი. ვილნიუსის უნივერსიტეტი თავიდან, სწორედ ამიტომაც ავირჩიე – მისი საერთაშორისო კონტაქტების და პარტნიორი უნივერსიტეტების გამო. ამ უნივერსიტეტზე იყო ცნობები. პრიორიტეტი იყო განათლება. აქ სწავლის კარგი სისტემაა და ქვეყანა, სადაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეიძლებოდა მეცხოვრება. ამჟამად, კი სრულიად უცხო, საერთაშორისო, მულტიკულტურული გარემო მაძლევს საშუალებას განვავითარო ჩემი როგორც  განათლების დონე, ასევე ადამიანური გამოცდილება. მომავალ წელს, ვაპირებ განცხადება და საბუთები შევიტანე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილ საერთაშორისო განათლების ცენტრში  დაფინანსების მოსაპოვებლად. მომწონს სწავლების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თეორიის და პრაქტიკის ერთიანობაზე. – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას მარიამ ყანჩაველი.

  აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის უნივერსიტეტში ამჟამად საქართველოდან 62 სტუდენტი სწავლობს – 33 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ხოლო 29 – გაცვლითი პროგრამებით.

  12243061_1035275729828253_4732494280495021399_nკიდევ ერთი ქართველი, რომელიც ამჟამად „Erasmus+“-ს პროექტით სწავლას ჩეხეთში აგრძელებს, 25 წლის სალომე ბაღათურიაა. იგი ტომას ბატას უნივერსიტეტის მაგისტრანტია. ქართველი სტუდენტი მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს.

როგორც „კვირას“ სალომე ბაღათურიამ განუცხადა, მან თბილისში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. ბავშვობის ოცნება, რომ სწავლა უცხოეთში გაეგრძელებინა „ERASMUS+“-ის პროექტის დახმარებით აისრულა.

„ჩემი მეგობარი წავიდა ერთი წლით ადრე „ERASMUS+“-ის პროგრამით და სწორედ მისგან გავიგე ამ პროგრამის შესახებ. საზღვარგარეთ სწავლა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, როგორც კი შევიტყვე ამ პროექტის შესახებ, მაშინვე დავიწყე საბუთების მზადება. თითქმის ყველა პროექტში წარვადგინე ჩემი მონაცემები. რომ არა ERASMUS+-ის პროგრამა, სავარაუდოდ, მაგისტრატურას საქართველოში გავივლიდი და ჩემს ოცნებას ვერ ავისრულებდი. უცხოეთში მიღებულ განათლებას კი, როცა საქართველოში დავბრუნდები, ისევ ჩემს ქვეყანაში გამოვიყენებ. უნივერსიტეტში ბევრი ახალი ადამიანის და კულტურის გაცნობა მიწევს, რაც, თვალთახედვის არეალს მიზრდის და უფრო აფასებს შენსასაც და უცხოსაც. განსხვავება, რაც მე აღმოვაჩინე, ის არის, რომ აქ უფრო პრაქტიკულ ცოდნაზე ვარ ორიენტირებული. თბილისში სწავლის დროს მკაცრად ვსწავლობდი თეორიას, პრეზენტაციები ძალიან იშვიათად გვქონდა და საოფისე პროგრამებს არ ვიყენებდით. აქ კი, ყველაფერი პირიქით არის. შენით უნდა გაანალიზო, მერე პრეზენტაცია მოიფიქრო და დაგეგმო, საკუთარი თავის და ნაშრომის წარმოჩენას სწავლობ. დაოჯახებული ვარ და უნდა აღვნიშნო, რომ ჩემმა მეუღლემ დიდად შემიწყო ხელი ჩემი გადაწყვეტილების განხორციელებაში. მართალია, ეს მარტივი არ არის, მაგრამ დრო მალე გადის“, – აცხადებს სალომე ბაღათურია.

ეს კი 20 წლის მიხეილ ქურდაძეა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ, ფრანკფურტში „ ERASMUS+“-ს გრანტის დახმარებით სწავლობს. ვიადრინას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული მეცნიერებების ბაკალავრიატის სტუდენტი „კვირას“ საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

12226483_1035297129826113_404074953_n„გერმანიაში „ერაზმუს მუნდუსის“ გრანტით ვიმყოფები. ამ პროგრამის მობილობა, რომელიც ამჟამად მილევად რეჟიმშია და 2016 წლიდან უკვე „ERASMUS+“- ით ჩაანაცვლდება, 1 ან 2 სემესტრი გრძელდება ხოლმე. ჩემს შემთხვევაში, ვიადრინას უნივერსიტეტში ყოფნა 10 თვეს (2 სემესტრს) გასტანს. გადაჭარბებული არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ გაცვლითი სემესტრი სტუდენტს თვალსაწიერს ერთმნიშვნელოვნად უფართოებს და უფრო ღიას, ტოლერანტულს ხდის. „ERASMUS+“-ის მთავარი იდეაც, სტუდენტთა შორის კულტურათა გაცვლაა. ყველა თანმხდება იმაზე, რომ ახალ გარემოში ცხოვრება და ახალი გამოწვევების წინაშე ყოფნა, სტუდენტს მრავალ უნარს უვითარებს და მას უფრო მრავალმხრივს ხდის. რაც შეეხება, ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის განსხვავებას, გერმანული უნივერსიტეტი მეტადაა ორიენტირებული სტუდენტზე და ნაკლებად ადმინისტრაციაზე. აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ყველაფერი, რაც კი კეთდება, კეთდება სტუდენტისთვის. „ერაზმუს მუნდუსი“ ამ შემთხვევაშიც ასრულებს თავის ფუნქციას. როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანები, რომლებიც გაიცნობენ უკეთესი უნივერსიტეტის უკეთეს მოდელს, მოტივირებულნი იქნებიან, თავად მიიღონ ცვლილებებში მონაწილეობა და არ დატოვონ ის ადმინისტრაციის ხელში. ეს პროგრამა ბევრი მიზეზის გამო სასარგებლო აღმოჩნდა ქართველი სტუდენტებისთვის: მათ შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ მრავალ ახალ კულტურას, შეეძინათ მეგობრები, გაეფართოვებინათ ჰორიზონტი და გამხდარიყვნენ უფრო კრიტიკულები“, – ამბობს „კვირასთან“ მიხეილ ქურდაძე.

როგორც ქართველი სტუდენტები ამბობენ, ისინი უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად უფრო იმიტომ მიდიან, რომ იქ მიღებული ცოდნა და განათლება საქართველოში გამოიყენონ. უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულებმა კი, ყოველივე ის, რაც მათ იქ მიიღეს, ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დასაქმება მაინც პრობლემად რჩება.

22 წლის, აკაკი ავალიანმა თურქეთში, ანატოლიის (Anadolu University)უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა. მან განათლება მშობლების დაფინანსებით

12212133_1035300036492489_1921399850_nმიიღო. როგორც იგი „კვირასთან“აღნიშნავს, უნივერსიტეტში ოთხწლიანი სწავლის პერიოდში სამჯერ ისარგებლა „ERASMUS+“-ის პროგრამით. იგი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ბელგიასა და პოლონეთში, ლონდონში კი, სტაჟირება გაიარა. უცხოეთში მიღებული ცოდნის მიუხედავად  იგი საქართველოში დასაქმებას ვერ ახერხებს.

„მიმაჩნია, რომ სათანადო ცოდნა მივიღე, ინგლისური ენა უკეთესად შევისწავლე (რადგან, სწავლა ინგლისურ ენაზე იყო). გარდა ამისა, ვისწავლე თურქული ენაც. უცხო ქვეყნის მოსახლეობასთან კომუნიკაცია დადებითად წამადგა, გავხდი იმაზე მეტად თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და გამოცდილი, ვიდრე ვიყავი. უცხო ქვეყანაში ჩემით გავიკვლიე გზა, ამას ისიც დაემატა, რომ თურქეთის უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი აკადემიური ცოდნა მომცა. გარდა ამისა, სამჯერ ვისარგებლე „ERASMUS+“-ის პროგრამით – ბელგიასა და პოლონეთში გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი, ლონდონში კი სტაჟირებაზე წავედი. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში დასაქმების პრობლემა მაქვს. რამდენიმე კომპანიაში გადავაგზავნე ჩემი მონაცემები, მაგრამ პასუხი არ მომსვლია“, – ამბობს აკაკი ავალიანი.

„კვირა“ დაინტერესდა, თუ როგორ ეხმარება ქართველ სტუდენტებს უკეთესი განათლების მისაღებად „ERASMUS+“-ის პროგრამა. ამ მიზნით, „ERASMUS+“-ის საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორს ლიკა ღლონტს დავუკავშირდით.
როგორც მან აღნიშნა, „ERASMUS+“-ი ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროექტების განხორციელებას. მისი თქმით, მათი ოფისი უმაღლესი განათლების პროგრამებზეა პასუხისმგებელი.
ლიკა ღლონტის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოპოვებული სტიპენდიების რაოდენობით საქართველო 74 პარტნიორ ქვეყანას შორის მე–7 ადგილზეა.

„ERASMUS+“-ის საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორის განცხადებით, უმაღლესი განათლების სფეროში არის ოთხი ტიპის პროგრამა:

  • ინსტიტუციუტის თანამშრომლობა ევროპისა და პარტნიორი ქვეყნების (ამ შემთხვევაში – საქართველოს) უნივერსიტეტებს შორის;
  • ევროკავშირის შესახებ კვლევების გაძლიერება ევროპის პარტნიორ ქვეყნებში;
  • გაცვლითი პროგრამების ევროპისა და პარტნიორი ქვეყნების (ამ შემთხვევაში – საქართველოს) უნივერსიტეტებს შორის;
  • სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე.

384732_121965287914831_757980160_n„გაცვლითი პროგრამები, ე.წ. Erasmus+ Credit Mobility – ეს არის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა (3–12 თვე) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვის. პროგრამის წინაპირობაა საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო ხელშეკრულების არსებობა. პროგრამა ასევე ვრცელდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლებზეც (5 დღე – 2 თვე). პროგრამა ფარავს მგზავრობის ხარჯებს და სტიპენდიას. პროგრამის ბიუჯეტის 90% უნდა მოხმარდეს ქართველი სტუდენტებისა და პროფესორების გამგზავრებას ევროპაში, ხოლო 10% – ევროპელი სტუდენტებისა და პროფესორების ჩამოსვლას საქართველოში. საგრანტო კონკურსი წელს ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, საბოლოო მონაცემები არ გვაქვს. საქართველოდან ევროპაში 2015–2016 წლებში გაემგზავრება 350 სტუდენტი და 188 პროფესორ – მასწავლებელი, ხოლო საქართველოში ჩამოვა 53 სტუდენტი და 93 პროფესორ–მასწავლებელი ევროპიდან. თუმცა, ეს არაა საბოლოო შედეგი, ვინაიდან საგრანტო კონკურსი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამჟამად, პროგრამაში საქართველოს 21 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს და დაფარულია ყველა დისციპლინა – მედიცინაც, სამართალიც, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებიც, საბუნებისმეტყველო, აგრარული და სახელოვნებოც“, – აღნიშნა ლიკა ღლონტმა.
მისი თქმით, „Erasmus+“ პროგრამა 2020 წლამდე გრძელდება და ახალი საგრანტო კონკურსები ყოველწლიურად გამოცხადდება.

  ცნობისათვის, დაინტერესებულმა სტუდენტმა, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურს, დეტალური ინფორმაცია “„Erasmus “ ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა მოიძიოს. თუმცა, აუცილებელი მოთხოვნაა, აპლიკანტმა უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარადგინოს. გარდა ამისა, სასურველია თუ სტუდენტი საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას დაესწრება, სადაც ყველა უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას დეტალურად გაეცნობა. erasmusplus.org.ge

მოქმედი ჟურნალისტი, რომელიც მედიის ერთ-ერთ გამოცემაში მუშაობს, სწავლის გაგრძელებას უცხოეთში გეგმავდა. მარიამ ზედგინიძე რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ სწავლისა და 12242216_1035300969825729_1009755023_nსტუდენტური სერვისების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას დაესწრო, თუმცა, სწორედ იქ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწავლა მაგისტრატურაში ისევ საქართველოში გაეგრძელებინა. ამ გადაწყვეტილების ფაქტორი მისივე სამსახური აღმოჩნდა. მოქმედ ჟურნალისტს სამსახურის სტაბილურმა გარემომ მაგისტრატურის საქართველოში დამთავრება გადააწყვეტინა.

„დიდი სურვილი მქონდა, მაგისტრატურაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, თუმცა ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ გადავწყვიტე საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში ჩამებარებინა. სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს გავეცანი და ყველაზე მისაღები ილიას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა აღმოჩნდა. საბედნიეროდ ჩავაბარე ჩემთვის სასურველ მიმართულებაზე და მიხარია, რომ უნივერსიტეტის არჩევისას არ შევცდი, იმიტომ, რომ ლექტორები, რომლებიც ჩემ მიერ არჩეული კურსების შესახებ მიკითხავენ ლექციებს არიან კვალიფიციურები და პროფესიონალები. ვფიქრობ, თუ რეალურად გაქვს სურვილი მიიღო ცოდნა შენთვის საინტერესო  სფეროს შესახებ, ამას საქართველოშიც შეძლებ“, – აღნიშნა მარიამ ზედგინიძემ.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სტუდენტების უკეთესი განათლების მისაღებად და მათი საზღვარგარეთ დაფინანსებისთვის, „Erasmus+“-ის პროგრამის გარდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე პროგრამა მოქმედებს. ამ ხასიათის პროექტები ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაიწყო.

2010 წლიდან 2014 წლის გაზაფხულამდე სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის – “ცოდნის კარის” დახმარებით შეეძლოთ საზღვარგარეთ სწავლისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება.

„ცოდნის კარი“ – ამ სახელწოდების სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს, რომელიც 2014 წლამდე მოქმედებდა. ღია კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები მხოლოდ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისთვის ფინანსდებოდნენ.

2013 წელს, პირველად, დაფინანსდა სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც არ გულისხმობს აკადემიურ ხარისხს. მაშინ სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების ოთხი სტუდენტი დაფინანსდა.

საერთო ჯამში, 2013 წელს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 375 განაცხადი შევიდა. მათგან 77 სტუდენტი (29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორო) დაფინანსდა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის 26 მარტის N 201 ბრძანებულებით, დადგენილი წესის შესაბამისად, 2013 წელს უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსება განხორციელდა. სტუდენტები კონკურსის შედეგად დაფინანსდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 6 ივნისის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას 43 058 ევრო, 333 500 აშშ დოლარი, 118 058 ინგლისური გირვანქა სტერლინგი და 38 268 შვეიცარიული ფრანკი გამოეყო. შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული 34 სტუდენტის დაფინანსებისთვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 1 013 534 ლარია გადარიცხული.

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანის, ნინო კალანდაძის ინფორმაციით, რომელიც 2013 წელს პირადად იყო ჩართული სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის საპრეზიდენტო პროგრამის 1407750289_1291913_10204474312287160_368121845_n (1)ორგანიზებაში, აცხადებს, რომ აღნიშნულ პროგრამას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა და ის პრეზიდენტის ინიციატივით მხოლოდ 2013 წელს განხორციელდა.

ნინო კალანდაძის ინფორმაციით, სტუდენტების უცხოეთში გაგზავნის საპრეზიდენტო პროგრამა 2008-2010 წლებშიც ხორციელდებოდა. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 20-25 სტუდენტის სწავლის საფასურის დაფინანასება ხდებოდა.

შემდეგში, ეს პრეროგატივა განათლების სამინისტროს გადაეცა და მას შემდეგ, პროგრამას სწორედ აღნიშნული უწყება წარმართავდა.

2014 წლის 15 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ დაარსდა. ცენტრი განათლების სამინისტროს სამაგისტრო პროგრამის – “ცოდნის კარის” ბაზაზე შეიქმნა. ცენტრის მიზანი სახელმწიფოს პრიორიტეტების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება და
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უცხოური განათლების მიღების ხელშეწყობაა.

ორი წლის განმავლობაში, „განათლების საერთაშორისო ცენტრმა “ საზღვარგარეთ სწავლის საფასური 200 – ზე მეტ მსურველს დაუფინანსა.

აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულმა ზოგიერთმა ახალგაზრდამ, უკვე გაიარა მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და სამშობლოში დაბრუნდნენ.

12242875_1035300423159117_744054366_oისინი ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა პირადად მიიღო და მიღწეული წარმატება თითოეულ მათგანს მიულოცა. რაც ყველაზე მთავარია, ამ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში დაბრუნებული სტუდენტენტები საჯარო უწყებებში დასაქმდებიან.

“მოახმარე შენი ცოდნა სამშობლოს!”- სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ განათლების პროექტი. აღნიშნული პროგრამა არის ყველაზე წარმატებული, რაც მე ძალიან მახარებს. მჯერა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული თითოეული ინვესტიცია არის ყველაზე გონივრული ინვესტიცია და ქვეყანად ასმაგად დაუბრუნდება”, – განაცხადა პრემიერმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

„კვირა“ მასალის მომზადებისას დაინტერესდა, მაინც რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა სპეციალისტისთვის განათლების საზღვარგარეთ მიღებას. ამ კითხვით „კვირამ“ ვილნიუსის უნივერსიტეტეტის მიწვეულ პროფესორ მარიამ მანჯგალაძეს მიმართა. იგი ვილნიუსში სექტემბრიდან მუშაობს, მანამდე კი ლექციებს თურქეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა.

12231282_1035297603159399_677700201_n„თანამედროვე ეპოქის სტუდენტებისთვის განათლების მიღება ცოდნის მაღალი ხარისხის ქონასთან ასოცირდება, მათ უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული, თუ რატომ ირჩევს მომავალ პროფესიას და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წარმატებული სპეციალისტი გახდეს.

ახალგაზრდები საზღვარგარეთ სწავლას ესწრაფვიან იმიტომ, რომ რეიტინგულ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლების სრულიად განსხვავებული პარადიგმაა მოცემული: სწავლის პროცესი სტუდენტზე ორიენტირებული და ხარისხიანია; სასწავლო გარემო – თანამედროვე, მოხერხებული და სასიამოვნო. სტუდენტებს უყალიბდებათ კრიტიკული აზროვნება, ისინი თავისუფალი, დამოუკიდებელი და გადაწყვეტილების მიმღები პიროვნებები ხდებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის წინსვლისთვის. სტუდენტური ცხოვრება მუდმივად სიახლის მიღებაზეა ორიენტირებული, გაცვლითი პროგრამები და პროექტები კი ეხმარება, ცოდნა გაიუმჯობესონ და კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ“, – აღნიშნა პროფესორმა.

და ბოლოს, რაში ეხმარებათ ქართველ ახალგაზრდზებს ევროპული განათლება? – ევროპაში ყოფნის დღიდან იწყება მათი დამოუკიდებელი ცხოვრება, რომელიც პიროვნებას თავდაჯერებულობასა და მიზანდასახულობას მატებს.
ახალგაზრდების მიზანია დროის მცირე მონაკვეთში ევროპული მეტი განათლება მიიღონ. სწავლის და განათლების გარდა, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ურთიერთობას ამყარებენ. ყოველივე ამის შემდეგ, კი მათი მიზანია ევროპაში მიღებული ცოდნა სამშობლოში დანერგონ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები