პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ოთარ ჩრდილელსა და უმცირესობის დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები გახდა.
აღნიშნული პროექტით, რომლის ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობაა”, ფინანსურ-ეკონომიკურ საქმეებზე ცალკეული მუხლების გაუქმება და ცალკეულის შემსუბუქებაა გათვალისწინებული.
“ცხრა წლის მანძილზე, სახელმწიფოს ვაშენებდით და ჩაბნელებული, ტოტალური ქაოსიდან განათებული ქვეყანა შევქმენით. ჩვენ 500 მილიონიანი ბიუჯეტი დაგვხვდა, თქვენ კი, 10 – მილიარდიანი ბიუჯეტი გაქვთ. როცა ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი, ზოგიერთებმა ბოდიში მოიხადონ. კაცი ზის და ლაპარაკობს, ხალხს ხოცავდითო, როცა ადვოკატებს პოლიციის განყოფილებაში ცემით კლავენ და ტელევიზიის მფლობელებს ხოცავენ, რომ ტელევიზია ხელში ჩაიგდონ. ეს ადამიანები გველაპარაკებიან, ხალხს ხოცავდითო. ეკონომიკაზე ის ხალხი გვესაუბრებით, რომლებსაც ერთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გაქვთ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილის საპასუხოდ ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიზნესზე ზეწოლა ხდებოდა.
ჩრდილელმა ცისკარიშვილის მისი სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა.
“ბადაგონი” თქვენ არ დაღვარეთ?! ბიზნესზე იყო ძალადობა და ეს ჩვენზე კარგად იცით. ჩვენ ვხოცავთ ხალხს?!”, – მიმართა ცისკარიშვილს ჩრდილელმა. ციკსკარიშვილმა განმარტა, “ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა ფალსიფიკაციამ წალეკა“.