ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის გამგებელთან, ზაზა გაბუნიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ლოტკინზე მდებარე კლდეკარისა და ნაქალაქევის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა. ასფალტის საფარი კლდეკარის ქუჩის 3309 კვმ ფართობზე დაიგო, მოეწყო ტროტუარებიც. სამუშაოების ღირებულება 19 755 ლარია.
“აღნიშნულ ქუჩაზე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ არსებობდა გზა და მოსახლეობა ითხოვდა ამის გაკეთებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გავითვალისწინეთ წლევანდელ ბიუჯეტში და, შესაბამისად, სულ რამდენიმე დღის წინ აქ სამუშაოები დასრულდა. კონკრეტულად ამ ქუჩაზე და ამ უბანში, ასევე ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს ამ ეტაპზე სამუშაოები, სადაც არსებული პრობლემებიც მოგვარდება. გარდა გზისა, გაკეთდა სკვერი და წლების განმავლობაში არსებული პრობლემები გამგეობის საკმაოდ აქტიური ძალისხმევის შედეგად მოგვარდა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაქალაქევის ქუჩაზე, სადაც გზის სარემონტო სამუშაოები 40 წელია არ ჩატარებულა, ასფალტის საფარი 2650კვ/მ ფართობზე დაიგო, გამოიცვალა სასმელი წყლის მილები და სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება 156 913 ლარს შეადგენს. აღდგენითი სამუშაოები კლდეკარის ქუჩაზე მდებარე სკვერსაც ჩაუტარდა. პროექტის ღირებულება 49 700 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები