აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს

გასულ ღამეს აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს საზენიტო დანადგარებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს დონეცკის აეროპორტის, ავდეევკისა და „ზენიტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამასთანავე, სელეზიოვმა უარყო ბლოგერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბოევიკებმა“ მძიმე არტილერია გამოიყენეს.
სელეზნიოვის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „ბოევიკებმა“ 43-ჯერ გახსნეს პროვოკაციული ცეცხლი, მათ შორის 4-ჯერ უშუალოდ უკრაინის ჯარის პოზიციების მიმართულებით. ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. შიროკინოსთან მოწინააღმდეგემ 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები გამოიყენა, რომლებიც მინსკის შეთანხმებებით ამ ადგილიდან სამი დღის წინ უნდა გაეყვანათ.
სელეზნიოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი 4-ჯერ გაუხსნეს. ამასთანავე, მისი თქმით, უკრაინის ჯარს მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღი არ გამოუყენებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები